Placeholder canvas
ახალი ამბები

ომის საფრთხე რეალურია? – ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

დღეს დაახლოებით 5 საათზე რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა (ინტერფაქსზე დაყრდნობით) გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ კოდორის ხეობაში შეიჭრენ გაერთიანებული ქართულ-ჩეჩნური დაჯგუფებები.

საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები, მათ შორის საქართველოს პარლამენტი არ ფლობს ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე კოდორის ხეობიდან გაერთიანებული ქართული და ჩეჩნური შეიარაღებული დაჯგუფებების შეჭრის თაობაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გია ბარამიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას. იგი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამწვავებსას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები არ აკონტროლებენ.

საქართველოს ძალოვანი მინისტრები კოდორის ხეობიდან აფხაზეთში შეჭრის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ დაადასტურა, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელშიც იგი არ გულისხმობს კოდორის ხეობას, დაახლოებით 400 კაციანი ჩეჩნური დაჯგუფება იმყოფება და შესაძლოა მათში ქართველებიც იყვნენ წარმოდგენილნი. ეს განცხადება გია ბარამიძემ გააკეთა პარლამენტში ნდობის ჯგუფის ძალოვან მინისტრებთან (შინაგან საქმეთა, უშიშროების და თავდაცვის) შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბარამიძემ აქვე დასძინა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაციით გუშინ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზებსა და დაუდგენელ შეიარაღებულ ჯგუფს შორის მოხდა შეტაკება. შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი, დაიჭრა ერთი და დაიკარგა ასევე ერთი აფხაზი.

ბარამიძის მტკიცებით ამ ინფორმაციის გავრცელება არის იმ პროვოკაციათა სერიის გაგრძელება რომელსაც რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები გეგმაზომიერად ახორციელებენ საქართველოს მიმართ.

მსგავსი/Related

Back to top button