ახალი ამბები

“ბატონმა ედუარდმა რეფორმატორებს კორუმპირებულები არჩია”

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”

ხელისუფლებაში ცვლილებები მიმდინარეობს. მას რეფორმატორები ტოვებენ. პარლამენტარი კობა დავითაშვილი გაზეთ “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდნეტმა ნათელი არჩევანი გააკეთა რეფორმატორებსა და კორუმპირებულებს შორის, კორუფციის სასარგებლოდ. “მან ეს ორი ტენდენცია თანაბრად განავითარა, ბოლოს კი რეფორმატორებს კორუმპირებულები არჩია”.

“ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა… რეფორმატორები აქამდე შევარდნაძეზე იყვნენ ორიენტირებულები. მისი მეშვეობით აპირებდნენ რაიმე ცვლილებას ქვეყანაში. დღეიდან რეფორმატორები შეეცდებიან თავისი პროგრამების განხორციელება ხალხის მეშვეობით დაიწყონ”, ახცადებს დავითაშვილი. 

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე პარლამენტს განსახილველად როლანდ გილიგაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. “წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში გილიგაშვილის დამტკიცება არ უნდა გაჭირდეს, რადგან დეპუტატთა უმეტესობას მასთან პრეტენზია ჯერჯერობით არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გილიგაშვილი თარგამაძესთან (შინაგან საქმეთა მინისტრი) აქტიურ მეგობრობაშია ეჭვმიტანილი”, წერს “ახალი თაობა”.

იუსტიციის მინისტრს მიჰყვა იუსტიციის საბჭოს მდივანი გია ქავთარაძე. “ამბობენ, ქავთარაძემ იმიტომ მიბაძა ყოფილ იუსტიციის მინისტრს, რომ იგი მისი თანაგუნდელია”, აცხადებს “ახალი თაობა”. ამ მოსაზრებას სხვა გაზეთებიც იზიარებენ.

გია ქავთარაძის გადადგომა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს გაკრიტიკებას მოჰყვა, “არადა ორი თვით ადრე პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს საქმიანობას დადებთად აფასებდა და მისი ფუნქციების გაფართოებაზეც კი იყო ლაპარაკი”, ამბობს “დილის გაზეთი”. “რეზონანსის” აზრით, შევარდნაძისათვის იუსტიციის საბჭოს მდივნის ათვალისწუნების მიზეზი სააკაშვილის გუნდის მოძულება გახდა. “პრეზიდენტმა დღეს, როგორც ჩანს, “მოქალაქეთა კავშირის” ჟვანია-სააკაშვილის ფრთისაგან სახელისუფლებო სტრუქტურების გაწმენდა გადაწყვიტა და ამ წმენდაში ქავთარაძეც მოაყოლა”, წერს გაზეთი. “რეზონანსის” მოსაზრებას იზიარებს “ახალი თაობა”: “როგორც ჩანს, შევარდნაძე იუსტიციის მინისტრზე გამწარდა და ამიტომ გააკრიტიკა იუსტიციის საბჭოს მუშაობა, მით უმეტეს, რომ მისი მდივანი სააკაშვილის მეგობარია”.

თავად გია ქავთარაძე ვარაუდობს, რომ, ალბათ, ის იმიტომ არ მოსწონდათ, რომ მოსამართლეებს ჩინოვნიკების მითითებებითა და სატელეფონო ზარებით არ ნიშნავდა.

მსგავსი/Related

Back to top button