ახალი ამბები

რუსეთი ცდილობს საქართველო კავკასიურ ომში ჩაითრიოს

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაძლოა კოდორისა და პანკისის ხეობები დაბომბონ. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭო უკვე დიდი ხანია მსჯელობს, – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პარლამენტარმა ირაკლი ბათიაშვილმა. მისი თქმით, რუსეთი ეცდება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ის საომარი ვითარება, რაც მსოფლიოში შეიქმნა და დასაჯოს “ურჩი” ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

“საშიშროება, რომელიც ჩვენს სამშობლოს ემუქრება, საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევია”, წერს “დილის გაზეთი”. ბათიაშვილის მტკიცებით, მას გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ანტიტერორისტული ოპერაციის გეგმა” უკვე განიხილა რუსეთის უშიშროების საბჭომ და ამჟამად მოსკოვი ცდილობს ვაშინგტონის დარწმუნებას ამ ოპერაციის განხორციელების აუცილებლობაში. პარლემენტარი დარწმუნებულია, რომ აშშ რუსეთის განზრახვას, დაბომბოს საქართველოს ტერიტორია, მხარს არ დაუჭერს, თუმცა ეს არ შეუშლის რუსეთს მაინც წავიდეს ამ ნაბიჯზე.

“რეზონანსი” წერს, რომ სავარაუდოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებული კავკასიური ომის საბაბი საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილები არიან. “არის მოსაზრება, რომ სანამ ისინი საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერორიზმში დადანაშაულების ფაქტები არ შეწყდება და მოსალოდნელია ჩრდილოელი მეზობლის მიერ ჩვენი ტერიტორიის “წერტილოვანი დაბომბვაც”. 

თუ ჩეჩენი “ბოევიკები” ნამდვილად არიან საქართველოში, რუსეთი, ჩვენს წინააღმდეგ საომარი ქმედების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების თვალში მართალი იქნება. ამიტომ დროა, გაირკვეს ტყუილ-მართალი, საბოლოოდ დადგინდეს, იმყოფებიან თუ არა საქართველოში ჩეჩენი ტერორისტები. შესაბამისად, ხელისფულებამ მიიღოს სათანადო ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, ასეთია “დილის გაზეთის” განცხადება.

მსგავსი/Related

Back to top button