
რუსეთი ცდილობს საქართველო ტერორისტულ ქვეყნად მონათლოს
“ალია”, “რეზონანსი”, “დილის გაზეთი” “რუსეთის ხელმძღვანელობამ ამერიკაზე საშინელი შეტევების შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში პირველი სამიზნე განსაზღვრა. ეს საქართველოა, რომელთანაც, ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკაშირებით, ურთიერთობა აქვს გაფუჭებული”, წერს “ალია”. გუშინწინ ოფიციალურმა მოსკოვმა ნოტა გამოუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის თანახმადაც, საქართველო ვალდებულია, პანკისის ხეობაში დაპატიმრებული ჩეჩენი ტერორისტები დაუყოვნებლივ გადასცეს რუსულ მხარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას ახდენს და აცხადებს, რომ არანაირი ტერორისტები პანკისის ხეობაში არ იმყოფებიან (“რეზონანსი”). იგივეს ამტკიცებს ჩეჩნეთის წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს დასავლეთის თვალში “ტერორისტული ქვეყნის” კვალიფიკაცია მისცეს. რუსეთს, დიდი მცდელობის მიუხედავად, არ გამოუვა საქართველო იგივე ერაყთან, სუდანთან, ირანთან და ავღანეთთან გააიგივოს, “თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას სწორედ ამ საბაბით”, წერს “დილის გაზეთი”. “საქართველოს დასაცავად დასავლეთი თავს მაინცდამაინც არ გამოიდებს – არა იმიტომ, რომ საქართველოს “ტერორისტობას” დაიჯერებს, უბრალოდ ჩვენთვის არ ეცლება და რუსეთთან კრიტიკულ მომენტში ურთიერთობას არ გაიფუჭებს”, მიაჩნია გაზეთს. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის გამოვლენის ძირითადი მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ბაზებისა და გავლენის შენარჩუნებაა.