ახალი ამბები

მითი სახელისუფლებო კრიზისის დაძლევის შესახებ

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”

“პრეზიდენტ შევარდნაძეს თურმე სინდისი ქენჯნის”, ასეთია სათაური გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიისა, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხება. “მე ვიზიარებ ოპონენტთა შენიშვნებს, რომ პრეზიდნეტი პარტიის ლიდერი არ უნდა იყოს. ეს მაწუხებს და სინდისი მქენჯნის”, – 1993 წლის შემდეგ პრეზიდენტი რატომღაც მხოლოდ ახლა შეაწუხა სინდისმა და მშობლიური პარტიის (მოქალაქეთა კავშირის) მიტოვება გადაწყვიტა”, წერს “რეზონანსი”. ამ განცხადების შემდეგ დეპუტატებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გამიჯვნის შესახებ.

“პარლამენის თავმჯდომარე ამჟამად არასახარბიელო მდგომარეობაშია”, წერს “რეზონანსი”.  გაზეთის აზრით, ჟვანია ვერ შექმნის ახალ უმრავლესობას, რადგან საამისო რაოდენობის მოკავშირე არ ეყოლება.

“რეზონანსში” ვხვდებით დეპუტატების კომენტარებს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის აზრით, რაც უფრო დაუპირისპირდება პრეზიდენტი ჟვანიასა და სააკაშვილს, მით უფრო გაიზრდება მათი რეიტინგი, ვინაიდან პოსტშევარდნაძისტული პერიოდი უკვე დაწყებულია და შევარდნაძის გზა ნიშნავს გზას არსაით. “ახალი თაობა” იზიარებს იმ აზრს, რომ ეს მმართველი პარტიისთვის სამწუხარო ამბავი მომავლის პერსპეტქტივაა.

უმრავლესობის წევრი ელენე თევდორაძე პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ მას იმედი საერთოდ აღარ აქვს, რომ შევარდნაძე რაღაცის შეცვლას ცდილობს. “პრეზიდნეტი ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს”, აცხადებს იგი. 

“ახალი თაობა” დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება საჯაროდ გამოცხადებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძეს აცნობა.

საპარლამენტო კულუარებში და შესაბამისად პრესაში კვლავ გაცოცხლდა მინისტრთა კაბინეტის თემა. “ახალ თაობას” მიაჩნია, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ეს იდეა გამართლდა, პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია იქნება. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჟვანია ამ პოსტზე მოსვლის შემთხვევაში იქნება სუსტი პრემიერი და რეალურად მისი დაქვემდებარების ქვეშ მხოლოდ ერთი ან ორი მინისტრი იქნება.

“მძაფრი სახელისუფლებო კრიზისის ფონზე, მმართველმა ძალამ თვითონ შექმნა მითი, რომლის მიხედვითც მინისტრთა კაბინეტი რთული სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა… MAმართვის დღევანდელ სისტემას შევარდნაძე ამოწურულად მიიჩნევს და იმ დროისთვის ემზადება, როცა ახალ პირობებში ახალი ხედვით გადანაწილებული პასუხისმგებლობით იზრუნებს ქვეყნის გადარჩენაზე”, წერს “დილის გაზეთი”. მისი დამოკიდებულება საკითხისადმია აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ინიციატივა ხელისუფლებაში ცველილებების განხორციელების შესახებ მხოლოდ ილუზიაა ქვეყნის გადარჩეენისა და კრიზისის დაძლევისა.

მსგავსი/Related

Back to top button