
აფხაზეთის ომი საქართველომ ცხრა წლის წინ წააგო
“დილის გაზეთი” დღეს “დილის გაზეთში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ცხრა წლისთავზე”, რომლის ავტორია გუდაუთის რაიონის რწმუნებული ილია არქანია. პუბლიკაცია ეხება აფხაზეთის ომს და მასში რუსული მხარის მონაწილეობას. სტატიის მიხედვით, 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად ჯარები შეიყვანა. ჯარს ტყვიები დაუშინეს და დაიწყო ომი. “ვლადისლავ არძინბამ ომის დამწყებად საქართველო გამოაცხადა, თუმცა, რატომ არ უნდა ჰქონოდა საქართველოს თავის განუყოფელ ნაწილში ჯარების გადაადგილების უფლება?” კითხულობს ავტორი. “რუსეთმა ნიღაბი მოიხადა და 1992 წლის 27-29 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდძალი ჯარი გადმოსხა… რუსეთის მიერ გადმოსხმული თანამედროვე ტანკებით შეიარაღებული რეგულარული არმიის ნაწილებს შორის იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების “მოხალისე” დაჯგუფებები”. აფხაზეთში მცხოვრები სომხების უმრავლესობამაც მხარი სეპარატისტებს დაუჭირა. სტატიის ავტორი ქართულ მხარესაც აკრიტიკებს. მას მიაჩნია, რომ ქართველებმა ომი ზედმეტი ჰუმანურობის გამო წააგეს. ქართველებმა, თავიანთი დათმობების შედეგად, 1992 წლის ხელშეკრულებით გაგრიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალები. 1993 წელს ქართველთა მძიმე ტექნიკამ სოხუმი დატოვა. “იარაღის გატანა 1993 წლის 14 სექტემბერს დამთავრდა, შემოტევა რუსებმა და აფსუებმა 16 სექტემბერს დაიწყეს და, რა თქმა უნდა, განიარაღებული არმია დამარცხდა”, წერს ავტორი. ქართული მხარის შეცდომა იმაშიც მდგომარეობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ფლოტიდან თავისი წილი დროზე არ მოითხოვა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებმა გააკეთეს. რუსეთმა დაარღვია ეუთო-ს 1999 წლის სტამბოლის შეთანხმება და 2001 წლის 1 ივლისამდე არ დატოვა გუდაუთის სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. “ყველამ იცის, რომ გუდაუთის ბაზამ რუსულ-ქართულ კონფლიქტში, აფსუების სასარგებლოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ ბაზაზე დაყრდნობით, რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და სამასი ათასი ქართველი ლტოლვილად აქცია”. სტატიის ავტორს მოჰყავს კომენტარი ბრიტანული “ეკონიმისტის” მიმოხილვიდან, რომლის მიხედვითაც იმის მიზეზი, რომ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ ურიგდება, ქართული მხარის გაუმართლებელი სისტემატური დათმობები, კაპიტულაცია და უპრინციპო პოლიტიკაა. “საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი ვეტოს ადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის საკითხს”, წერს ავტორი. მისი აზრით მდინარე ენგურის სანაპიროზე (საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის) მდგარი რუსეთის სამშვიდობო ძალები ფაქტობრივად საოკუპაციო ჯარების როლს ასრულებენ. საქართველოს იურისდიქციის აღდგენა აფხაზეთში შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთხსენებული სამშვიდო ძალები დატოვებენ მდ. ეგურს, ხოლო გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან რუსეთის მძიმე ტექნიკა და ჯარი გავა.