ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ცვლილებებს მოითხოვს – შაბათი 13.35

პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილმა პრეზიდენტისადმი, რომელიც 28 აგვისტოს ორ დამოუკიდებელ გაზეთში – “რეზონანსსა” და “ალიაში” გამოქვეყნდა, კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული სახელისუფლო კრიზისი. წერილის გამოქვეყნების დღეს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა და 29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე კი თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას წერილი, გამოქვეყნებამდე, ადრესატთან იყო შეთანხმებული. ეს რომ სიმართლეს არ შეეფერებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოგვიანებით გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა.

30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტი საკმაოდ ხისტი არჩევანის წინაშე დააყენა. “დღეს მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილებებით ფონს ვერ გავალთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, – “ამას თან უნდა დაერთოს ძალიან სერიოზული ინსტიტუციონალური ცვლილებები და ჩვენ ყურადღებას საგანგებოდ ამაზე ვამახვილებთ. როგორც მინიმუმ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეკონომიკური გუნდის ერთიანობა. უნდა დასრულდეს სრულიად მიუღებელი და აბსურდული მდგომარეობა, როდესაც მთავრობის წევრები ერთმანეთს ბრალს სდებენ საჯაროდ ყველანაირ ცოდვებში, მოუწოდებენ ერთმანეთს გადადგომისაკენ და ლამის დაჭერითაც ემუქრებიან. მსგავსი რამ არც ერთი ქვეყნის მთავრობაში არ ხდება. მთავრობა უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც ერთიანი და შეკრული გუნდი”.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრესისთვის მას შემდეგ მოიცალა, რაც დარწმუნდა, რომ მის პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებდა. 29 აგვისტოს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობის საბჭოს სხდომა, რომელსაც პარლამენტს გარეთ მოღვაწე გავლენიანი “მოქალაქეებიც” დაესწრნენ. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ მოიწონა პარლამენტის თავმჯდომარის წერილში მითითებული ყველა მოსაზრება და გადაწყვიტა პრეზიდენტისთვის თავადაც გაეგზავნა მიმართვა, თანაც, ამ ნაბიჯით მხარდაჭერას ზურაბ ჟვანიასაც აღმოუჩენდნენ. მიმართვის ტექსტის მომზადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ელდარ შენგელაიასა და ეროვნული თანხმობის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს დაევალათ. მიმართვის ტექსტი მეორე დღესვე მზად იყო. ის, პრინციპში, იმეორებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნებს, თუმცა შეფასებების თვალსაზრისით, “ორიგინალს” ბევრად ჩამოუვარდებოდა. 30 აგვისტოს დაიწყო მიმართვაზე უმრავლესობის წევრთა ხელმოწერების პროცესი.

“ჩემი მიზანი არ იყო წერილში კონკრეტული გვარების დასახელება. მე ეს არაერთხელ გამიკეთებია როგორც ჩვენი პარტიის საბჭოს შეხვედრებისას პრეზიდენტთან, ისე პირისპირ საუბრების დროს. ამდენად, არ ვთვლი მიზანშეწონილად შემდგომ დაკონკრეტებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი სახე, თითქოს ერთი გუნდი ებრძვის მეორეს. უნდა არსებობდეს ობიექტური კრიტერიუმი და რომელი ჯგუფის წევრიც არ უნდა იყოს ის, უნდა დატოვოს ხელისუფლება. ეს კრიტერიუმები ძალიან მარტივი შესადგენია. როგორც მინიმუმ, საუბარი უნდა იყოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი რეალური ქონების დასაბუთება”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ პრესკონფერენციაზე, – “მე მივიღე ერთსულოვანი მხარდაჭერა უმრავლესობის წევრთა მხრიდან, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. წერილი დავწერე მას შემდეგ, რაც ამ საკითხების განხილვა მქონდა როგორც პირისპირ პრეზიდენტთან, ასევე მმართველი პარტიის მთავარი საბჭოს სხდომებზე”.

სხვათა შორის, უმრავლესობის საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ პარლამენტარმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ისე საპარლამენტო უმრავლესობამ ამოწურეს პრეზიდენტთან ურთიერთობის ყველა სხვა საშუალება, გარდა საჯარო მიმართვებისა. “რეალურად სიტუაცია დაძაბა მინისტრთა კაბინეტის ჩავარდნამ”, – განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა, – “ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მინისტრთა კაბინეტის ჩავარდნა არ მომხდარა მხოლოდ ოპოზიციის ხელით. პირველ რიგში, ეს განხორციელდა ხელისუფლების ძალიან უშუალო აქტიური ძალისხმევის შედეგად”. 

ზურაბ ჟვანიას წერილმა კიდევ ერთი პროცესის მიმდინარეობაში შეასრულა კატალიზატორის როლი. რამდენიმე თვის წინათ საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე ახალი ფრაქციის გამოყოფის თაობაზე, რომელსაც მაშინ უმრავლესიბის ლიდერები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჭორს ეძახდნენ, ამჟამად იმავე ლიდერების მხრიდან დასტურდება. პრესკონფერენცაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ახალი უმრავლესობის შექმნის პერსპექტივას ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, “იმის პერსპექტივა კი ნამდვილადაა, რომ საერთო კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება შეიძლება გახდეს იმ უმრავლესობის ბუნებრივი რღვევა, რომელიც დღეს არსებობს”.

მსგავსი/Related

Back to top button