Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ბორჯომში ტურისტების სიმრავლეა

საქართველო, 1919 წლის 14 აგვისტო, N173

ბორჯომი

ბორჯომი დღეს უჩვეულო ოაზისია ძველ, უკვე დანგრეულ კურორტებში. აქ ისევ სჩქეფს ცხოვრება, რომელიც ხალხმა უკვე ტკბილ მოგონებებს გადასცა. კურზალი, მშვენივრად მოწყობილი ვანები, ორკესტრი და მრავალი თვალსაჩინო ლიტერატურული და არტისტული ძალები.

ბორჯომი დღეს ნამდვილი არტისტული კურორტია.

ვინ გინდათ რომ აქ არ ნახოთ: რეჟისორი ევერეინოვი, კომპოზიტორი გარტმანი, პოეტი კამენსკი, თბილისელი მწერლები და მსახიობები, ვასო აბაშიძე, სომეხი ლიტერატორნი, და ბორჯომის პარკი მუდამ აჭრელებულია ამ არტისტული ინტერნაციონალით. იმართება საღამოები, კონცერტები, ისეთი ინტერესით, რომელიც იშვიათია თბილისისთვისაც.

ბორჯომს არავითარი კრიზისი არ ემჩნევა: ისეთივე ძვირფასი ჩაცმულობა, კურორტის ჩვეულებრივი კომფორტი და ბორჯომისთვის აუცილებელი მეეტლე – ოჰანესი.

ქუჩებში ხშირად შეხვდებით მიმქროლავ ავტომობილებს – მაგრამ ეს მთავრობის ბანაკიდან არის და ეს ავტომობილები მთავრობის პარტიის პრივილეგიაა: ამ მხრივ, რასაკვირველია ბორჯომშიც შეიცვალა წესები: ყველაზე უფრო დარდიმანდ ცხოვრებას დღეს ისინი ეწევიან, ვინც უწინ ყველაზედ უფრო უჩინარნი იყვნენ, მაგრამ დროს თავისი კანონები და წესები აქვს და ამიტომ ეს აღარავის უკვირს.

ბორჯომის მხარეს გარეგნული სურათიც სავსებით დამაკმაყოფილებელია: სრული სისუფთავე ჭერებში, კარგათ მოვლილი პარკი და ხელ-უხლებელი ტყეები – ყველაფერს ამჩნევია მზრუნველი ხელი და ეს ზრუნვა პირველსავე შეხედვისთანავე ამჩნევია.

ბორჯომის მამულებს დღეს ინჟინერი ხუნდაძე განაგებს; იგი შვილია დამსახურებული სილოვან ხუნდაძის  და გერმანიაში აქვს სწავლა დასრულებული. არ შეიძლება არ ითქვას სიმართლე, რომ მას ძალიან დიდი შრომა დასჭირებია, რომ ასეთი რესტავრაცია მოეხდინა განადგურებული კურორტისა.

ბორჯომის მამულები, რომელიც ერთი წლის წინათ, წელიწადში 800 000 მანეთ დეფიციტს იძლეოდენ, უკვე თვალსაჩინო შემოსავალს იძლევა და წარსული ვალებიც დაკმაყოფილებულია.

ყველა ქარხანა ამუშავებულია: სატყეო ქარხანა სავსებით მოწესრიგებულია და 10 მილიონამდე ფულს ატრიალებს.

იქვე მოეწყო სკიპიდარის ქარხანა და აქაც 1 მილიონამდე ადის საერთო შემოსავალი. განზრახულია მრავალი ახალი დაწყებანი და თუ ამ ენერგიით განაგრძეს საქმე, ბორჯომი გახდება არა მარტო საინტერესო კუთხე ჩვენის საბალნეოლოგიო მინერალოგიისა, არამედ თვალსაჩინო როლს ითამაშებს საქართველოს ნაციონალურ ეკონომიკაში.

ამისათვის კი საჭიროა მეტი ინიციატივა ახალ საქმეების დაწყებაში და უფრო ნაკლები ჩარევა ბორჯომის მამულების საქმეებში გვარდიისა, თუ სხვა მის მონათესავე დაწესებულებათა, რომელთაც წარსულ წელს ყველასათვის თვალსაჩინო ზიანი მიაყენეს ამ მამულებს.

ამ ზიანის გამოსწორებას ალბად კიდევ მრავალი ხანი დასჭირდება.

ლ. სარბიელი

Back to top button