skip to content
ახალი ამბები

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გამოხატეს


კონგრესმენების წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 2 მაისი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30 წევრისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით 2 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა.

ხელმომწერებს შორის არიან House Georgia Caucus-ის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ტედ პო და დემოკრატი თანათავმჯდომარე ჯერალდ კონოლი.

წერილში კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს მიმართ და შეაქეს ის ბოლო 25 წლის მანძილზე „პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის“ გამო. მათ ქვეყანას აშშ-ის „ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მტკიცე რეგიონალური პარტნიორი“ უწოდეს.

„Freedom House-მა აღიარა, რომ საქართველოში დიდწილად თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია გარემოა. Transparency International-მა აღნიშნა საქართველოს სტაბილური გაუმჯობესება კორუფციის აღქმის ინდექსში. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ბიზნესის წარმოების შესახებ საქართველო ბოლო 12 წლის მანძილზე მსოფლიოში ყველაზე გაუმჯობესებულ ქვეყნად დასახელდა თავისუფალი ბაზრის და ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით“, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ „საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“. კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში.

„ეს ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ოთხ მილიონზე ნაკლებია, ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და ქართველი სამხედროები იქ ბრძოლის დროს დაიღუპნენ. საქართველოს სამხედრო ხარჯები მისი მშპ-ს 2%-ს აღემატება – ეს ის ნიშნულია, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ნატოს წევრი ხუთი სახელმწიფო აკმაყოფილებს“, – განაცხადეს კონგრესმენებმა.

წერილი საქართველოს მოიხსენიებს, როგორც „ბუნებრივ გარემოს იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომელთაც კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში ბიზნესის კეთება სურთ“ და ხაზს უსვამს ქვეყანაში ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს არსებობას, ასევე აშშ-სთან ვაჭრობის მოცულობის ზრდას.

წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე“ და აღნიშნეს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, რომელიც განაგრძობს მცოცავ ანექსიას და ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის ადამიანების გატაცებას.

კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ უკვე 25 წელზე მეტია, რაც საქართველო სანდო და სტრატეგიული პარტნიორია და ამის დასტურად მოიყვანეს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია, სადაც აშშ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედაა მიჩნეული, ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2016 წლის სექტემბრის რეზოლუცია, რომელიც „ურყევ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

კონგრესმენებმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტს გააძლიეროს „სტრატეგიული ურთიერთობა“ და გააგზავნოს ძლიერი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „საქართველოს გვერდით დგას“. მათ ასევე სთხოვეს დონალდ ტრამპს, რომ „განაგრძოს აშშ-ის ისტორიული მხარდაჭერა საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ“ და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მათი თქმით, ასეთი შეთანხმება „ხელსაყრელი იქნება აშშ-ისთვის, საქართველოსთვის და მთელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დამყარდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button