skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებულია

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 73-წევრიანი პერსონალური შემადგენლობა, რომელიც შვიდი პარტიის, ასევე სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, 23 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა. 

კობახიძის განცხადებით, კომისია პირველ სხდომას 24 დეკემბერს გამართავს, რითაც ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მოსამზადებლად. კომისიის მდივნად ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან თამარ ჩუგოშვილი დაინიშნა.

კომისიის 73 წევრს შორის ფორმალურად ასევე ფიგურირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 3 წარმომადგენელი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან კომისიაში ჩართულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია უცვლელი რჩება. პრეზიდენტმა კომისიას ბოიკოტი ფორმატის მიუღებლობის მოტივით 12 დეკემბერს, ჯერ კიდევ მანამ გამოუცხადა, ვიდრე პარლამენტი მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიაში მუშაობისაგან,  თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 23 დეკემბერს კომისიის პერსონალური შემადგენლობის დასახელების დროს.

73-წევრიან კომისიაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებს  38 ადგილი უკავიათ.

მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან ირაკლი კობახიძესთან ერთად კომისიაში კიდევ შემდეგი 23 დეპუტატი იმუშავებს: თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, ზვიად ძიძიგური, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, მამუკა მდინარაძე, კახა ოქრიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, სიმონ ნოზაძე, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, სოფო კილაძე, გედი ფოფხაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა გაბუნია, სავალან მირზოევი, ენზელ მკოიანი.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის უმცირესობიდან კომისიაში წარმოდგენილი შემდეგი 8 დეპუტატი იქნება: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სალომე სამადაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე.

პატრიოტთა ალიანსიდან კომისიაში 2 დეპუტატი იმუშავებს: ირმა ინაშვილი და ნატო ჩხეიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით კომისიის წევრი იქნება მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.

კომისიაში ის ოთხი არასაპარლამენტო პარტია ჩაერთვება თითო წარმომადგენლით, რომელთაც დამოუკიდებლად ან ბლოკის ლიდერის რანგში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც მიიღეს. კერძოდ, კომისიაში იმუშავებენ  „თავისუფალი დემოკრატებიდან“  –  შალვა შავგულიძე; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობიდან“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე; მოძრაობა სახელმწიფო  ხალხისთვის  – ნიკა მაჭუტაძე; და ლეიბორისტული პარტიიდან – გიორგი გუგავა.

სახელმწიფო ორგანოებიდან კომისიაში მთავრობის ორი წარმომადგენელი – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ჩაერთვებიან; ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; აჭარისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია; სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია.

კომისიაში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმუშავებს. კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი; საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოდან ვახტანგ ნაცვლიშვილი; საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან – ლაშა ტუღუში;  მრავალეროვანი საქართველოდან არნო სტეპანიანი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან – დავით ასათიანი.

კომისიის შემადგენლობაში ექსპერტის რანგში შემდეგი 13 წევრი ჩაერთვება: ავთანდილ დემეტრაშვილი; ჯონი ხეცურიანი, მინდია უგრეხელიძე, ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, თენგიზ  შარმანაშვილი, ვახტანგ მენაბდე, რატი ბრეგაძე, ვასილ გონაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ზაზა რუხაძე, ანა ფირცხალაშვილი, ზვიად კორძაძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარასკევს განაცხადა, რომ მას კომისიაში მონაწილეობაზე ასევე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტის ექს-სპიკერთან დავით უსუფაშვილთან, თუმცა „გამომდინარე იქიდან, რომ  მას აქვს პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური აწმყო და ის ვერც ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ დავით უსუფაშვილი  ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში“.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომისია იქნება „აბსოლუტურად ღია ყველასთვის“.

„ჩვენ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, ყველასთვის იქნება კარი ღია, ყველას მოსაზრებები იქნება მიღებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ და მათი მხედველობაში მიღებაც იქნება  უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა კობახიძემ. 

დებულების თანახმად, კომისია გადაწყვეტილებებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

მსგავსი/Related

Back to top button