skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგები

პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წარმოადგინა, ძირითადად, ემთხვევა ცესკოს წინასწარ ოფიციალურ შედეგებს.

პარალელური დათვლა, რომლის დროსაც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მონიტორები საარჩევნო უბნებზე კომისიის წარმომადგენლების პარალელურად ახორციელებენ ხმების დათვლას, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განახორციელა. პარალელური დათვლა არის ერთ–ერთი ინსტრუმენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების სიზუსტის შესამოწმებლად.

პარალელური დათვლის შედეგებით, ქართულ ოცნებას ხმების 49.1% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობს – 26.8%.

პარალელური დათვლის შედეგების ცდომილების ზღვარი ამ ორი პარტიის შემთხვევაში შეადგენს +/–0.9%–ს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ განსაზღვრა ზუსტად ლახავს თუ არა პატრიოტთა ალიანსი 5%–იან ბარიერს.

პარალელური დათვლის შედეგებით, პატრიოტთა ალიანსს 4.9% აქვს, თუმცა მისი ცდომილების ზღვარი +/–0.3%–ია.

უბნების 66%–ზე მეტიდან მიღებული წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ქართული ოცნებას 49.75%, ნაციონალურ მოძრაობას 26.72%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს – 4.91% აქვს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ხმის დათვლის პროცესში რამოდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა „მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის ძალადობის ფაქტებს“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები  იყო „ცალკეული იზოლირებული შემთხვევები“ და მას არ შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button