skip to content
ახალი ამბები

ობამამ ივანიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა

საქართველოს ახალ მთავრობას დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შემდგომი განმტკიცება მემკვირდრეობად ერგო, ნათქვამია პრეზიდენტ ობამას მიერ საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

აშშ–ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დღეს მთავრობის კანცელარიას ესტუმრა და ივანიშვილს 25 ოქტომბრით დათარიღებული პრეზიდენტ ობამას მისალოცი წერილი გადასცა.

„არჩევნები თქვენი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენდა და აჩვენა მსოფლიოს, რომ საქართველო დინამიური დემოკრატია გახდა“, – ნათქვამია წერილში, „ახლა თქვენი მთავრობა მემკვიდრეობით იღებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განმტკიცების და განვითარების გზაზე წინსვლის ამოცანას. ამისათვის საჭიროა, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა უკან მოიტოვონ საარჩევნო დაპირისპირება და ასევე [ხელისუფლების] გადაცემის პერიოდი და ერთად იმუშავონ კონსტრუქციულად იმ პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესშია. ელჩი ნორლანდისგან ვიცი, რომ თქვენ ამგვარ მიდგომას ანიჭებთ უპირატესობას და ამაში ჩვენი შემდგომი მხარდაჭერაც გექნებათ“.  

„საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, 20 წელზე მეტია რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ ტრანზიციას და ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი პარტნიორობის ერგულები ვრჩებით და ველით მომდევნო წლებში ურთიერთობის გაღრმავებას“, – ნათქვამია პრეზიდენტ ობამას წერილში.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 29 ოქტომბერს, რომ იგი მადლობელია აშშ–ის მრავალწლიანი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ.  

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაღრმავოთ ჩვენს ყველაზე დიდ მეგობართან და საინტერესო მეგობართან ურთიერთობები მომავალში“,  – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button