
პარლამენტში სამხედრო რეზერვის ახალი სისტემის კონცეფციის პროექტი განიხილეს
საქართველოს თავდაცვის რეზერვი სახმელეთო ჯარების და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ორი კომპონენტით იქნება ფორმირებული, ნათქვამია რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტში, რომელზეც 27 აპრილს შვიდი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
პროექტის თანახმად, სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც გენერალურ შტაბს დაექვემდებარება და დაკომპლექტდება სავალდებულო ან ნებაყოფლობითი გაწვევის პრინციპით, საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებულ ძალების მხარდამჭერი იქნება და საჭიროების შემთხვევაში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს მას. ამ ტიპის რეზერვს ასევე ექნება საგანგებო სიტუაციებში დახმარების ფუნქციაც.
რაც შეეხება ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტებულ ტერიტორიულ თავდაცვის რეზერვს, რომლის მომზადებას და მართვას ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, საომარი მოქმედებების დროს ის, ძირითადად, პასუხისმგებელი იქნება თავდაცვის და ზურგის ოპერაციებზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება სახმელეთო ჯარების რეზერვს. ამ ტიპის რეზერვისტებს, კონცეფციის პროექტის თანახმად, მათი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად მოუწევთ „თავდაცვის ძალების გეგმებისა და მითითებების მიხედვით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონის ავტონომიურად დაცვა“.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ტერიტორიული რეზერვის პილოტური პროექტები უკვე მიმდინარეობს, რომლებზეც ეროვნული უშიშროების მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას ინფორმაციით, წლევანდელი თავდაცვის ბიუჯეტის 0.9%, დაახლოებით, 6 მლნ ლარამდეა უკვე დახარჯული და რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე 13 ათასზე მეტი ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვისტია გაწვრთნილი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზაფხულისთვის 70 ათასი ნებაყოფლობითი რეზერვისტი იქნება გადამზადებული, ხოლო მომავალ წელს მათი რიცხვი 150 ათასს მიაღწევს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი საქართველოსთვის შესაფერისი მოდელია, „იმ ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“.
მისი თქმით, პილოტური პროგრამის თაობაზე ინფორმაცია მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ადამიანისათვის, თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი „ალასანიამ მაინც გააკეთა სრულიად პროვოკაციული და ინსინუაციური განცხადებები“ ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე. ალასანიამ, რომელიც ხელისუფლებამ წაყენებული ბრალდებების გამო მწვავედ გააკრიტიკა, განაცხადა, რომ მისი განცხადების შემდეგ ამ ფორმირებების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის პროცესი დაიწყო.
ბათუ ქუთელიამ, რომელმაც დეპუტატებს უშიშროების საბჭოს კოორდინაციით მომზადებული რეზერვის კონცეფციის პროექტი წარუდგინა, განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო პარალელურ რეჟიმში ამუშავებს თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სარეზერვო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელთა ასახვაც იგეგმება მოგვიანებით კანონმდებლობაში.
თავად კონცეფციის პროექტს მას შემდეგ, რაც მისი განხილვა ასევე მოხდება ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს.
პროექტში ნათქვამია, რომ მისი შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში შემუშავბეული დოკუმენტები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ასევე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილება და ასევე ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკა.
ქუთელიას თქმით, რეზერვის ეფექტური სისტემის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს „ცვლად უსაფრთხოების გარემოში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ, სამწუხაროდ, გაუარესებისკენ მიდის“.