ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მე–17 რაუნდი

4 ოქტომბერს ჟენევაში გამართული დისკუსიების მე–17 რაუნდზე  „რაიმე პროგრესს“ ადგილი არ ჰქონია; მოსკოვს და მის „მარიონეტულ რეჟიმებს“ ცხინვალიდან და სოხუმიდან დისკუსიები ყველაზე უმნიშვნელო საკითხებზეც კი ჩიხში შეჰყავდათ და ცდილობდნენ ყველაფერი სტატუსის საკითხზე მიებათ, განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ იგი საერთოდ არ არის „გაოცებული“, არამედ „იმედგაცრუებულია“ მოსკოვის არამოქნილი პოზიციის გამო.

მოლაპარაკებების მე–17 რაუნდი თავის ჩვეულ ფორმატში გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელთაგანაც ერთი – უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. მოლაპარაკებები, რომელთა თანათავმჯდომარეები ევროკავშირი, გაერო და ეუთო არიან, საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.   

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი პირველად თანათავმჯდომარეობდა ჟენევის მოლაპარაკებებს. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კარგ სამუშაო გარემოში“ გაიმართა. ჟენევის დისკუსიების კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ ანტი ტურუნენმა, გაეროს წარმომადგენელმა, ბოლო რაუნდზე შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი და სამუშაო, რომელიც მომავალი დისკუსიებისთვის იმედს იძლევა“.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ეუთოდან გიედრიუს ჩეკუოლისმა განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის თემა კვლავ „მთავარ დაბრკოლებად“ რჩება.

ფილიპ ლეფორმა, რომელიც 2004–2007 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო თბილისში, განაცხადა, რომ დისკუსიების მე–17 რაუნდზე წამოწეულ იქნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გასულ კვირას გაეროს გენერალ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადება და ამას შემდეგ მოყვა მთელი რიგი კომენტარები.

გაეროში გამოსვლისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი მზად არის გარანტორის როლი შეასრულოს აფხაზეთს, საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაში“. მისი თქმით, მოსკოვი მიესალმება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ანალოგიურ ვალდებულებას აიღებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა 4 ოქტომბრის დისკუსიების შემდეგ, რომ თანათავმჯდომარეებმა „ზოგადად“ ახსენეს ლავროვის ეს განცხადება, მაგრამ თბილისის დიდი ხნის პოზიციაც გაიმეორეს ამ საკითხთან მიმართებაში, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების მხარე უნდა იყოს.

„შეუძლებელია, რომ საქართველომ ან საერთაშორისო თანამეგობრობის რომელიმე პასუხისმგებელმა წევრმა შეძლოს ამაზე შეთანხმება [რუსეთის, როგორც „მშვიდობის გარანტორის“ როლზე], რადგანაც რუსეთი კონფლიქტის მხარეა და მოსკოვის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, რომ საკუთარი თავი შუამავლად, გარანტორად წარმოაჩინოს, ვერ იმუშავებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, საქართველომ შარშან ნოემბერში უკვე გააკეთა ცალმხრივი დაპირება ძალის არგამოყენების თაობაზე და ახლა სურს, რომ მოსკოვმაც უპასუხოს „არაორაზროვანი განცხადებით, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოზე თავდასხმას და რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ“.

გაიმეორა რა ქართული მხარის პოზიცია, აშშ–ის დელეგაციამ ჟენევის დისკუსიებზე აღნიშნა მე–17 რაუნდის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში: „ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღებას და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გამოავლინოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მზადყოფნა ამგვარი დაპირების გაკეთების გზით“.

რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ადგილზე, საქართველოს მიზანია, რომ მიაღწიოს საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალების განთავსებას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მართალია თბილისმა იცის, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, განაცხადა კაპანაძემ, მაგრამ ცდილობს „უფრო პატარა ნაბიჯებით“ წაიწიოს წინ; ქართულ მხარეს პირველ ეტაპზე სურს, რომ განხორციელდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგულარული ფაქტების დამდგენი ვიზიტები სეპარატისტულ რეგიონებში. რამდენიმე ასეთი ვიზიტი უკვე განხორციელდა წარსულში, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა სეპარატისტულ რეგიონებში ის ადგილები შეამოწმეს, სადაც ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. თბილისის სურვილია, რომ ასეთ პოტენციურ რეგულარულ ვიზიტებს ერთობლივი ფაქტების დამდგენი ვიზიტები მოყვეს ქართული მხარის მონაწილეობით.

კაპანაძემ განაცხადა, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობაშიც არ ჰქონია ადგილი რაიმე პროგრესს. მისი თქმით, რუსულმა მხარემ, ასევე ცხინვალმა და სოხუმმა „არაორაზროვანი განცხადება“ გააკეთეს იმის თაობაზე, რომ „მათ არ სურთ დევნილების და ლტოლვილების დაბრუნების საკითხი განიხილონ“, რასაც მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებები „ჩიხში“ შეჰყავს.

აფხაზეთის წარმომადგენლებმა განაცხადა მე–17 რაუნდის წინ, რომ ისინი არ განიხილავენ ამ საკითხს მას შემდეგ, რაც საქართველომ კვლავ დააყენა დევნილთა დაბრუნების საკითხი ივნისში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოსკოვი ამ რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა იმ მოტივით, რომ ჟენევის დისკუსიები შესაფერისი ადგილია დევნილთა დაბრუნების საკითხის მოსაგვარებლად, ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი გაეროში ყოფილიყო გატანილი, სადაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.   

კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ წინა რაუნდებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსული მხარე ყველანაირად ცდილობდა ყველა საკითხი სტატუსის საკითხისთვის მიება, რითიც შეუძლებელს ხდიდა ყველაზე უმნიშვნელო საკითხებზე წინსვლასაც კი, მათ შორის იმ კონკრეტულ პროექტებზეც, რომლებიც ადგილზე ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას ისახავს მიზნად. 

„სამწუხარო იყო მოსკოვისგან იმის მოსმენა, რომ სანამ არ მოგვარდება სტატუსთან დაკავშირებული საკითხები, სხვა მიმართულებითაც არ იქნება რაიმე პროგრესი. ეს ძალიან სამწუხარო განვითარებაა, რადგანაც ჩვენ გვაქვს შეთანხმება ჟენევის ფარგლებში, რომ ჟენევაში ჩვენ მოვდივართ, რათა განვიხილოთ უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან და ასევე დევნილების და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები, მათი სტატუსთან მიბმის გარეშე“, – განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალში დაკავებული ქართველების საკითხიც დააყენა, თუმცა ამ საკითხზეც ვერ იქნა მიღწეული რაიმე პროგრესი. კაპანაძის თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე 16 ადამიანი იქნა დაკავებული და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხის „დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე“ გათავისუფლება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 14 დეკემბერს გაიმართება.

 

Back to top button