
ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემები გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, ერთიანი საარჩევნო სია, ამ ეტაპზე, 3 587 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის მონაცემს შეიცავს.
ეს რაოდენობა ცესკომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 1 თებერვალს მიწოდებული მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად მიიღო. სააგენტოს მონაცემები სულ 3 677 795 მოქალაქეს მოიცავდა, მათ შორის იმ პირებსაც, ვისაც ადგილობრივი არჩევნებისთვის – 30 მაისამდე 18 წელი შეუსრულდება.
საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით რეესტრის მონაცემების დამუშავების შედეგად, ცესკომ ერთიანი სიიდან ამოიღო 23 429 აფხაზეთიდან დევნილი, რომლებსაც დევნილის ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ, ხოლო პირადობის მოწმობაში მითითებული აქვთ აფხაზური და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; ასევე 31 323 უცხოეთში მცხოვრები ის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც პირადობის მოწმობები საქართველოს საკონსულოებში აიღეს და მათში უცხოური ფაქტობრივი მისამართები აქვთ მითითებული; და 44 043 გარდაცვლილი.
ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ღიად რჩება იმ 6 852 მოქალაქის სიებში დაფიქსირების საკითხი, რომლებიც ბინების მესაკუთრეთა განცხადებების საფუძველზე მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან.
ხარატიშვილის თქმით, არ არსებობს ასევე კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება სიებში იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. შესაძლოა, შსს-ის მონაცემთა ბაზა იქნას გამოყენებული ქვეყნიდან ხანგრძლივად გასული მოქალაქეების დასადგენად.
ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას ვერ იღებენ.
სიების ხელოვნურად გაბერვასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პრეტენზიების საპასუხოდ ხარატიშვილმა მოუწოდა მათ წარმოადგინონ კონკრეტული დარღვევები, რათა ცესკომ რეაგირების მოხდენა შეძლოს.
საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში 12 პოლიტიკური პარტიაა ჩართული, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 1.2 მლნ ლარს თანაბრად ინაწილებენ. ეროვნულმა ფორუმმა და ლეიბორისტებმა ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
კიდევ ორი პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსება არ ეკუთვნით, სიებს საკუთარი სახსრებით ამოწმებს.
პარტიებმა სიების მონიტორინგი 15 მარტამდე უნდა დაასრულონ და 31 მარტამდე შედეგების შესახებ ცესკოს წერილობით აცნობონ.
ფაქტიურად, სიებში ხარვეზების აღმოჩენის ძირითადი ტვირთი პარტიებზე გადადის, რადგან, ხარატიშვილის განცხადებით, ცესკოს დაგეგმილი არ აქვს არჩევნებამდე სიების დამატებითი მონიტორინგის ჩატარება ”კარდაკარ” გადამოწმების გზით.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო სიებში ცდომილებამ, საბლოოდ, 1%-ს არ უნდა გადააჭარბოს.
მისი თქმით, ცვლილებები საარჩევნო სიებში პარტიული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით და ასევე იმ დამატებითი მონაცემების შედეგად შევა, რომელსაც სამოქალაქო რეესტრი წარადგენს არჩევნებამდე გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის თქმით, სიებში ე.წ. ”მკვდარი სულების” თემა დღის წესრიგიდან იხსნება, რადგან რეესტრის მიერ ამ მონაცემების სრული აღრიცხვა ხდება. თუმცა, მან არ გამორიცხა ადრე დაურეგისტრირებელი გარდაცვლილი პირების სიებში ყოფნა.