
ახალი ამბები
”შპიგელი” ტალიავინის კომისიის დასკვნაზე წერს
ჟურნალ ”შპიგელის” ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა მოკლე სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა შარშანდელი აგვისტოს ომის გამო საქართველოს ადანაშაულებს.
იმავე სტატიის მიხედვით, ”პასუხისმგებლობის ნაწილს” კომისია რუსეთსაც აკისრებს იმის გამო, რომ მან რეგიონში შეიარაღებული ძალების განთავსებით კონფლიქტის ესკალაცია მოახდინა.
მსგავსი შინაარსის სტატია ”შპიგელმა” ივნისშიც გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ კომისიის თავმჯდომარემ, შვეიცარიელმა დიპლომატმა ჰაიდი ტალიავინიმ ეს ცნობა უარყო.
კომისიამ დასკვნა გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ასევე რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს სექტემბრის ბოლოსთვის უნდა წარუდგინოს.