ახალი ამბები

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შვილი და ძმა დააკავეს

ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად ხულიგნობაში ეჭვმიტანილების სახით.

შსს-ს ცნობით, ინციდენტი ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში 19 აგვისტოს მოხდა, კერძოდ, დაზარალებულის განცხადებით, მას და მის მეუღლეს ეჭვმიტანილებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
 
”ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,”- აცხადებს შსს.

ბესელიამ განუცხადა ”რუსთავი 2”-ს, რომ არც მისი შვილი და არც ძმა კამათსა და ჩხუბში არ მონაწილეობდა.

”უბრალოდ აშველებდნენ და იქ შეესწრნენ იმ ვითარებას. მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყო საქმის მსვლელობა, როგორც კი გაიგეს, რომ ესენი იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები,”- აღნიშნა მან. 

ბესელიას შვილის, რატი მილორავას მიმართ პოლიციამ შარშან ივნისშიც აღძრა ხულიგნობის მოტივით საქმე, რომელიც ოთხი თვით ადრე მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა. ბესელიამ  ეს მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.

Back to top button