
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სემნების შეხვდნენ
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ 21 მაისს განაახლა შეხვედრები თბილისში.
არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დღეს ის უკვე შეხვდა საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარეს რესპუბლიკური პარტიიდან დავით უსუფაშვილს.
დღესვე პიტერ სემნები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ჯარში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
”იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უკვე გადასულია სრულიად დესტრუქციულ პოლიტიკაზე ჯარში… ჩვენ ასევე ველაპარაკეთ იმ სიტუაციაზე, რომელიც სუფევს დღეს ეკონომიკაში, სადაც ანგრევენ პირდაპირ საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ იმ საწარმოებს, რომლებიც აქამდე მოდიოდნენ და გაძლეს,”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, თითქმის გაკოტრების ზღვარზეა მისული სახალხო და საქართველოს ბანკები. ზურაბიშვილის თქმით, რკინიგზაში გადაზიდვების მაჩვენებელი შემცირდა და ამას ოპოზიციას აბრალებენ.
”ოპოზიციაზე გადმოდიან პროვოკაციით, ვითომ ჩვენ გვინდა ან გადაკეტვა ან აფეთქება, როცა სინამდვილეში რკინიგზის ბრუნვის პრობლემა მოდის იმ ომისგან, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა და რომელიც მან წააგო,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ყველაფერი ინგრევა საქართველოში. დესტრუქციული ძალა არის დღეს ჩვენს სათავეში. უნდათ, რომ წარმოაჩინონ ჩვენ ვართ დესტრუქციული ძალა, ამიტომ იწყებენ პროვოკაციებს…. რომ ჩვენ გადაგვიყვანონ იმ გზიდან, რომელიც არის ჩვენი გზა – მშვიდობიანი; მაგრამ ბოლომდე ვივლით ამ გზით და ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.”
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით.
”ეს არის მცდელობა დისკრედიტაციის, მცდელობა ოპოზიციის პროვოკაციაზე წამოგების,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”ხელისუფლებას ეს მიიყვანს ძალიან მძიმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ამას ხალხი ხელისუფლებას არ აპატიებს.”