ახალი ამბები

ქართველ ხალხს სხვა პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს – მირონოვი

ქართველ ხალხს სხვა პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, რადგან ის არ იმსახურებს ისეთ ლიდერს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, განაცხადა, ”ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 25 ნოემბერს.

თუმცა მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის არჩევა ეს ”საქართველოს შიდა საქმეა და უნდა გადაწყვიტონ ამომრჩევლებმა”.

მან ეს განცხადებები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტების შანსებზე გაკეთებულ კომენტარში გააკეთა.

”მე ნინო ანზოროვნას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ის თავისი ქვეყნის პატრიოტია. და მე ვიმედოვნებ, რომ ეს პატრიოტიზმი არ მისცემს მას უფლებას საქართველოს ამოცანები სხვების ხარჯზე მოაგვაროს,”- განაცხადა მირონოვმა.

ნინო ბურჯანაძემ 23 ნოემბერს ოპოზიციური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” დააფუძნა და განაცხადა, რომ მისი მიზანი რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა. თუმცა მას საპრეზიდენტო ამბიციები საჯაროდ არ გამოუთქვამს.

Back to top button