
”იმედის” ყოფილი ჟურნალისტი მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს
ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანი მაგდა ანიკაშვილი ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში წარადგინა.
საბურთალოს რაიონში უკვე შვიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და თბილისის ვიცე-მერი გიორგი მელაძე და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შავიშვილი, რომელიც ოპოზიციურმა კოალიციამ დაასახელა.
ამავე რაიონში იყრიან კენჭს ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც დაასახელა საარჩევნო ბლოკმა ”ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო-ქალთა პარტია” და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი თამაზ შოშიაშვილი.
საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ფსონები მაღალია, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით არსებული 75 ერთმანდატიანი ოლქიდან, 10 დედაქალაქში მდებარეობს. თბილისის ერთმანდატიან ოლქებში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული კონკურენცია ზრდის მმართველი პარტიის შანსებს თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატები გაიყვანონ პარლამენტში.
კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები.