ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია გმობს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას

საქართველოს რესპუბლიკური პარტია გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე და მოუწოდებს სააკაშვილის ხელისუფლებას ეს თემა არ გამოიყენოს ოპოზიციასთან წინასაარჩევნო დაპირისპირებაში პოლიტიკური ქულების დასაწერად.


დღეს პრესკონფერენციაზე საუბრისას რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უკიდურეს აღშფოთება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მოსკოვის ნაბიჯების გამო.


”რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ კრემლი ცდილობს გამოიყენოს საქართველოში შექმნილი სიტუაცია მისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად,”- განაცხადა მან,  ”რუსეთს, როგორც ჩანს, აქვს არასწორი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ საქართველო არის დასუსტებული შიდა კონფლიქტებით და პოლიტიკური კრიზისით მოცული და იგი ვერ იქნება თავისი ინტერესების სადარაჯოზე”.


ამ წარმოდგენების განეიტრალების მიზნით უსუფაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მთელი ძალისხმევა მიმართოს ”სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რათა ქვეყანა დადგეს ფეხზე, პოლიტიკური კრიზისი იქნას დაძლეული და შევძლოთ ჩვენ სათანადო პასუხის გაცემა ყველასთვის, ვინც ასეთ პოლიტიკას ატარებს საქართველოს მიმართ”.

Back to top button