ახალი ამბები

ბურჯანაძე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეხვედრა გამართა არჩევნებზე დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოისმინა მათი რეკომენდაციები საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით.


ცოტა ხნის წინ ორგანიზაციებმა  – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება  – გამოაქვეყნეს 10 წინაპირობა, რომელიც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.


დამკვირვებლების განცხადებით, აუცილებელია საარჩევნო კოდექსში დარღვევების გასაჩივრების პროცედურების დახვეწა.


”აუცილებელია დაიხვეწოს სისტემა, რომ არსებითი განხილვის გარეშე არ მოხდეს საჩივრების უარყოფა, რაც მოხდა პრეზიდენტის არჩევნების დროს,”- განუცხადა გიორგი ჩხეიძემ, საიას ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


ბურჯანაძის განცხადებით,  მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე იმუშავებს.


”მთელი ეს წინა პერიოდი საპარლამენტო არჩევნებამდე გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლება პროცესის გაჯანსაღების და გაუმჯობესებისათვის, გაკეთებული იქნას,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე გამოითქვა.  მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას საპარლამენტო არჩევნებზე მრავლად გამოაგზავნონ დამკვირვებლები.


”მაქსიმალურად ყველა უბანზე უნდა იყოს საერთაშორისო დამკვირვებელი წარმოდგენილი [საპარლამენტო არჩევნების დროს],”- დასძინა ბურჯანაძემ.

Back to top button