ახალი ამბები

ბურჯანაძე პატარკაციშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას განაგრძოს ბრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის და მის დაბალ რეიტინგზე მიანიშნა.


”არ ვიცი მე მას [ბადრი პატარკაციშვილს] რისი იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობის განწყობის და თუ ვინმე მას აიმედებს, ეს მათი პრობლემა გახლავთ,”- განუცხადა დღეს ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
 
მისი თქმით, მოსახლეობა სწორ ანალიზს აკეთებს, თუ რომელ კანდიდატს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს თავისი დაპირებები. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა.


”მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად ნათლად დადასტურდება ზეგინდელი არჩევნების შედეგების შედეგად,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


მან ასევე არ გამორიცხა, რომ არჩევნების ნიადაგზე ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობას ჰქონდეს ადგილი. 


”როგორც ჩანს ამისი მცდელობები იქნება და მე უპირველეს ყოვლისა, მაქვს ჩვენი მოსახლეობის გონიერების იმედი, რომ არ აყვებიან არავითარ პროვოკაციებს და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ამავდროულად მაქვს სახელმწიფო სტრუქტურების იმედი,”-  განაცხადა ბურჯანაძემ, ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს დესტაბილიზაცია, არეულობა ან შეცვალოს ქართველი ხალხის არჩევანი”.


 

Back to top button