skip to content
ახალი ამბები

აშშ გამოეხმაურა რუსეთის პროტესტს შამბას ვიზასთან დაკავშირებით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 10 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ვერ განიხილავდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბასთვის ვიზის გაცემის საკითხს, რადგან მან თავად გაიტანა უკან ვიზაზე განაცხადი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოგვიანებით, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მწვავე პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ აშშ-მ ვიზის არ გაცემით ხელი შეუშალა შამბას ვიზიტს ნიუ-იორკში, სადაც გაეროს უშიშროების საბჭომ 10 აპრილს აფხაზეთის საკითხი განიხილა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუსმინა. გაეროს შტაბბინაში შამბას ჩასვლასა და შეხვედრების ორგანიზებას რუსეთი აქტიურად ლობირებდა.


”ვიმედოვნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომლითაც გაეროს დამკირვებლებს მანდატი გაუგრძელდებათ, საკმაო პროგრესს დავინახავთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში და მოეწყობა ჟენევის სტილის დისკუსია აფხაზეთის შესახებ ნიუ-იორკში… მისი [შამბას] გამგზავრება გაეროში ასეთი შეხვედრისათვის საფუძვლიანი უნდა იყოს,”- განაცხადა შონ მაკკორმაკმა.


თუმცა რუსულმა მხარემ მიანიშნა, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ გაეროში შეხვედრების გამართვას აზრი აღარ ექნება და 10 აპრილს უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას სერგეი შამბას ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც აფხაზური მხარე დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.


”რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოზე აფხაზეთის საკითხის განხილვა ”კონსტრუქციულად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის რეზოლუციის შესრულებაში გარკვეული პროგრესი არსებობს.


”მაგრამ მთლიანობაში რეზოლუცია არ არის შესრულებული და ჩვენ გვინდა, რომ ამან ჰპოვოს ასახვა ახალ რეზოლუციაში,”- განაცხადა ჩურკინმა.


მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტზე, რომელსაც უშიშროების საბჭო 13 აპრილს მიიღებს, ჯერ-ჯერობით დებატები მიმდინარეობს, თუმცა ყველა თანხმდება გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის კიდევ 6 თვით გაგრძელებას.


ჩურკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ქართული მხარის მოთხოვნა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების გაეროს ცისფერ ჩაფხუტიანებით ჩანაცვლების თაობაზე.


”[სამშვიდობო]ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. ლაპარაკიც ზედმეტია დსთ-ს სამშვიდობოების შემცირებაზე,”- განაცხადა ჩურკინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button