
სამხრეთ ოსეთზე პრეზიდენტის ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
165 ხმით 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ”, რომელიც ამ რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი პარლამენტის სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალების უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა, გარდა ორი დეპუტატისა – გოჩა ჯოჯუა და გოგი წულაია – პარტია ”ეროვნული ფორუმიდან”.
კანონპროექტი დეკლარაციული ხასიათისაა და საფუძველს ქმნის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და შესაბამისი ადმინისტრაციის შექმნისათვის.
ყოფილი დეპუტატის, გენპროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადებით, რომელიც დღეს მომხსენებელი იყო ამ საკითხზე, კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სამშვიდობო ზრახვებს კონფლიქტის მოგვარების თაობაზე და ასევე ხელისუფლების სურვილს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით განისაზღვროს რეგიონის მომავალი სტატუსი.
ამასთან გვარამია დასძენს, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის დადგენას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ითვალისწინებს.
გვარამიას განცხადებით, დროებით ადმინისტრაციულ ერთეულსა და ადმინისტრაციას პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნის. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატის შერჩევაში კი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, როგორც რეგიონის მოსახლეობა, ისე საპარლამენტო ოპოზიციური ძალები.
ამასთან, დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მაქსიმალური ტერიტორიული ფარგლები არ შეიძლება აღემატებოდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას.
მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მომავალ კვირას განიხილავს, რომელიც ძალაში მიღებისთანავე შევა.