skip to content
ახალი ამბები

Greeoak Group: საქართველოს რკინიგზას ტვირთბრუნვის 30%-იანი დანაკარგი ემუქრება

2007 წლისთვის აზერბაიჯან-საქართველოს სარკინიგზო დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 30%-ით დაიკლებს და გახდება 9.5 მილიონი ტონა, მაშინ როდესაც წინა წლის მაჩვენებელი შეადგენდა 12.5 მილიონ ტონას, აცხადებს ბათუმის ნავთობის ტერმინალი, რომლის მფლობელიც Greeoak Group-ია.


კომპანიამ, ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრეც წელიწადში 12 მილიონ ტონას შეადგენს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ”ტარიფის ცალმხრივმა ზრდამ” ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად ”გააუარესა დერეფნის კონკურენტუნარიანობა.”


დერეფნის გავლით გადაზიდული ყაზახეთის და თურქმენეთის ნედლი ნავთობის მოცულობები, რომელიც წარსულში შეადგენდა დაახლოებით, 500 000 ტონას თვეში, დაეცა 100 000 ტონამდე.


”ტვირთის დიდი ნაწილი ამჟამად მიედინება ირანში,” – აცხადებს ბათუმის ნავთობის ტერმინალი.


”უფრო მნიშვნელოვან პრობლემად დგას ის საკითხი, რომ ყაზახურმა სანავთობო კომპანიამ “თენგიზშევროილი” სარკინიგზო ექსპორტის განხორციელება დაიწყო ოდესის მიმართულებით. ამ მოცულობების გადაზიდვა იგეგმებოდა აქტაუ-ბაქო-ბათუმის მარშრუტით,”- აცხადებს ტერმინალი 


ბათუმის ნავთობის ტერმინალი მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს შეწყვიტოს ამგვარი ქმედებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ შეისყიდა ყულევის ტერმინალი.  


ბათუმის ტერმინალის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ჩაერიოს და ”გამოასწოროს” ვითარება.


საქართველოს რკინიგზამ უარი თქვა კომენტარზე კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ეზუგბაიას არყოფნის მოტივით. ამჟამად, ეზუგბაია სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება.


ყულევის ნავთობის ტერმინალმა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან იყიდა, ბათუმის ნავთობის ტერმინალის მონოპოლური მდგომარეობა შეარყია.  


აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დააფუძნა შვილობილი კომპანია SOCAR Energy Georgia, ყულევის ტერმინალის ექსპლოატაციაში გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავს. ტერმინალის გამტარუნარიანობის სიმძლავრე  წელიწადში 10 მილიონ ტონას შეადგენს, თუმცა აზერბაიჯანული კომპანია მის გაზრდას 20 მილიონ ტონამდე გეგმავს.


გარდა ამისა, SOCAR Energy Georgia ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა 20 ბენზინგასამართი სადგურის აშენებას გეგმავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button