skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვენაში ეუთოს ელჩებთან შეხვედრები გამართა

ვენაში, ეუთო-ს შტაბ ბინაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ 23 მარტს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ეუთოს ძირითადი დელეგაციების ხელმძღვანელებთან და ელჩებთან გამართა შეხვედრები.


მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირების საკითხებსა და ქართული მხარის მიერ შემუშავებული მემორანდუმის პროექტზე “ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების მიზნით შემდგომი ზომების შეთანხმების თაობაზე”. ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია ასევე 2007 წლის 11 მარტს ზემო აფხაზეთის სოფლების დაბომბვის ინცინდენტთან დაკავშირებით.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებმა კმაყოფილება გამოთქვეს კონფლიქტების მოგვარების მიზნით თბილისის ახალი ინიციატივების მიმართ და დაინტერესდნენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის ლიდერობით შექმნილი ”სამხერთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” მოძრაობისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით.


ოფიციალურმა თბილისმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება სანაკოევის მთავრობასთან ოფიციალური ურთიერთობების დაწყების შესახებ. 19 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილსა და სანაკოევს შორის პირველი შეხვედრა შედგა ქურთაში, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიალოგს და ამ ურთიერთობებს”. ამ ნაბიჯს ცხინვალის პროტესტი მოჰყვა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button