skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი კოდორის ხეობას ეწვია

ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ზემო კოდორის ხეობაში ჩავიდა.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელლის მალხაზ აქიშბაიას განცხადებით, სააკაშვილი სოფელ ჩხალთაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინას ეწვია, რომელიც კოდორის დაბომბვის შედეგად დაზიანდა, ხოლო შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


”მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, უთხრა, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან დაცული, რომ ეს აქცია იყო პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ხეობაში შიშის დათესვას”, – განუცხადა აქიშბაიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ზემო კოდორის ხეობიდან სატელეფონო საუბარში.


მისი თქმით, პრეზიდენტმა ორი საათი დაჰყო ხეობაში და უკვე დატოვა იქაურობა.


აქიშბაიამ ასევე განაცხადა, რომ ხეობაში უკვე აღმოჩენელია 25-მდე ჭურვი.


”ყველა მტკიცებულება გვაქვს იმის თაობაზე, რომ ხეობა დაიბომბა როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან. ასევე ნათელია, რომ ვერტმფრენები შემოფრინდნენ რუსეთის მხრიდან და ექსპერტები დაადასტურებენ ამას”, – დასძინა აქიშბაიამ.


ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს, ასევე გაეროს დამკვირვებლებს და რუს სამშვიდობოებს აერთიანებს, 13 მარტს ზემო კოდორის ხეობაში ჩავიდა ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით.


თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადეს, რომ პროვოკაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ”უარყოფითი ფონის შექმნა” ზემო კოდორის ხეობაში არსებულ უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, რომელმაც აპრილში აფხაზეთის შესახებ უნდა იმსჯელოს.    

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 13 მარტს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა პროვოკაცია იყო და რომ მან უკვე აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ამის თაობაზე.


ალასანიას თქმით, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და კვლავ სამშვიდობო პროცესის ერთგული რჩება, ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანალგიური პროვოკაციების გამეორების მაღალი ალბათობა არსებობს”.


აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ”მას ღრმად აშფოთებს ინფორმაცია ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი თავდასხმის თაობაზე და გმობს ძალადობის ნებისმიერ აქტს”.  საელჩომ დაინტერესებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button