skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო ძალები ნატოში ინტეგრაციას ერთსულოვნად უჭერენ მხარს

ნატოში გაწევრიანება რაიმე საფრთხეს არ უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია მოსაზრება საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტზე, როგორც ნატოში გაწევრიანების ალტერნატივაზე, ნათქვამია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ  ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური პარტიის მიერ 12 მარტს ხელმოწერილ მემორანდუმში.


”ვაღიარებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საუკეთესო გარანტია”, – აცხადებენ ფრაქციები ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”, ”ახალი მემარჯვენეები”, მრეწველები, ”დემოკრატიული ფრონტი”, ”მაჟორიტარები”, დამოუკიდებელი მაჟორიტარები”, ”საქართველოს რეგიონები” და მათში შემავალი პარტიები, მათ შორის კონსერვატიული და რესპუბლიკური პარტიები. 


მემორანდუმში გაცხადებულია, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალები ითანამშრომლებენ, რათა:



  • საქართველო ჩამოყალიბდეს სტაბილურ, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოდ;
  • განავითარონ საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა, მათ შორის ”რეგიონალური და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისა და თანამედროვე საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით”;
  • განვითარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ბიუჯეტიდან ”გამჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით”;
  • დაარწმუნონ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფო, რომ ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, რომელიც გაზრდის რეგიონის სტაბილურობას.

მემორანდუმის მხარდამჭერ პოლიტიკურ დადგენილებას პარლამენტი ამ კვირაში უყრის კენჭს, სადაც თითოეულ დეპუტატს მიეცემა შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით.


”ხელისუფლება და ოპოზიცია ვართ ერთიანები და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ერთიანობა არ იქნება დარღვეული. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ ერთობას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით… საქართველო ნატოში – ეს ძალიან ხელმისაწვდომი პერსპექტივაა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button