ახალი ამბები

წინასწარი პროგნოზებით ეკონომიკაში დადებითი ძვრების პერსპექტივა ისახება

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში

სავარაუდო პროგნოზით, 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც გასული წლის მაჩვენებელს ”მცირედით გადააჭარბებს,” განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში 1 მარტს ”სივილ ჯორჯიასთან” ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში დაფიქსირებული 12 თვიანი ინფლაციის დონე 8.78%-დან იანვარში 10.44%-მდე გაიზარდა.
 
ინტერვიუში კრისტიანსენმა ასევე ისაუბრა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე, რომლის შექმნასაც საქართველოს ხელისუფლება ფოთის პორტში გეგმავს, ასევე საკუთრების უფლებებზე, საგადასახადო ადმინისტრირებაზე, შემოსავლების სამსახურზე და ფინანსური პოლიციის როლზე ამ ახალ სტრუქტურაში.   
 
სსფ-ს აღმასრულებელმა საბჭომ 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში საქართველოს რიგით მეხუთე შეფასება დაასრულა და მორიგი 21 მილიონი აშშ დოლარიანი ტრანში გამოყო. შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ ამ შეხვედრის შესახებ? 
 
შეხვედრა ძალიან ხანმოკლე იყო. გამოითქვა ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს საქმიანობა ძალიან დადებითაა შეფასებული. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დადებითი დამოკიდებულება აქვს საქართველოსადმი. რიგით მეხუთე შეფასება დასრულდა და მორიგი ტრანშიც გამოიყო.
 
სსფ-ს მისიის მიერ დეკემბერში გაკეთებული პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკურ ემბარგოს გამო 2007 წელს ”შედარებით შენელებული” 6-7%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს. დღეისათვის თუ არსებობს რაიმე ახალი, ამისგან განსხვავებული, პროგნოზი?
 
ჯერ არა. მაისში [სსფ-ს] მისია ჩამოვა და სწორედ მაშინ განიხილავენ ამ საკითხს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2007 წლის პირველ თვეებში. 
 
თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ვითარდება მოვლენები?
 
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება გაიზარდოს რაც ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. სახეზეა რამოდენიმე არაფორმალური ინდიკატორი, რომელიც მუთითებს რომ ზრდა აშკარაა.
 
2006 წლის ფაქტიური მაჩვენებლები არ მინახავს, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს [პირდაპირი უცხოური ინვესტიციები] 2006 წელს 800-900 მილიონი დოლარი იყო. არსებული პროგნოზებით ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იქნება 2007 წელს, სულ ცოტა 1,2 მილიარდი.


თუმცა, სანამ ჩვენ პროგნოზებს გადავხედავთ [როდესაც სსფ-ს მისია მაისში საქართველოში ჩამოვა], უნდა ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურება წელს საქართველოს  პირველი ორი თვის მაჩვენებლები და მხოლოდ შემდეგ შეიძლება უკეთესი და ზუსტი შეფასებების გაკეთება.
 
დეკემბერში საქართველოში ვიზიტის დროს სსფ-ს მისიამ მოუწოდა ხელისუფლებას ”დაეჩქარებინა სტრუქტურების რეფორმები, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც საკუთრების უფლებების დაცვასთან იყო კავშირში”. როგორია თქვენი შეფასება ამ კუთხით ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? 
 
ოქტომბერში [თბილისში] Cato-ს ორგანიზებულ კონფერენციაზე მე გავაკეთე  მოხსენება  საკუთრების უფლებების თაობაზე. ხშირად როდესაც საქართველოში საკუთრების უფლებაზე საუბრობენ, უფრო გულისხმობენ ფიზიკურ ქონებას, მაგალითად მაღაზიას ან ბინას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკუთრების უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ზოგადად, მაგალითად კერძო პირების შესაძლებლობაზე დაიცვან თავიანთი საკუთრება, არის ეს ფინანსური, კერძო, თუ სხვა სახის ქონება.
 
მსოფლიო მასშტაბით არსებული გამოცდილება – და ის უკვე 200-300 წელს ითვლის – არის ის, რომ თუ გაქვს სისტემა, რომელიც იცავს საკუთრების ინდივიდუალურ უფლებებს და საკუთრების კორპორაციულ უფლებებს, ეს ხდება ეკონომიკური ზრდის საფუძველი.  
 
საქართველოს შესახებ არსებული მოხსენებებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ”ბიზნესის კეთება”, ხაზგასმულია პროგრესი, თუმცა მითითებულია ორი სუსტი მხარეც: საგადასახადო ადმინისტრირება და სასამართლო სისტემა.     
 
სასამართლო სისტემასთან სსფ-ს არ აქვს კავშირი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ გადასახადების ადმინისტრირების თემაზე. იანვარში ჩვენი მისია იმყოფებოდა აქ საგადასახადო ადმინისტრირების საკითხების შესასწავლად და ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია მივეცით ხელისუფლებას მისი გაუმჯობესების მიზნით; მაგალითად: გადასახადების გადამხელთა მომსახურების გაუმჯობესება; დავების განხილვის პროცესის ხელშეწყობა; გადასახადების გადამხელთა უფლებების მკაფიო განმარტება.    
 
ვფიქრობთ, რომ ახალ შემოსავლების სამსახურს, როდესაც ის საბოლოოდ დაფუძნდება და ამოქმედდება, აქვს პოტენციალი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. 
 
თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებს ფინანსური პოლიცია ამ ახალ სტრუქტურაში – შემოსავლების სამსახურში, რომელშიც ასევე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებიც გაერთიანდება?
 
ვფიქრობ, ის პროგრესისკენ მიდის. ფინანსურ პოლიციას აქვს ლეგიტიმური საგამოძიებო ფუნქცია. გამოძიებას, როგორც საერთაშორისო გამოცდილებიდანაც ჩანს, საგადასახადო სამსახურის მიმართვა განაპირობებს. ანუ საგადასახადო დეპარტამენტი ან ახალი შემოსავლების სამსახური იტყვის: ჩვენ შევამჩნიეთ, რომ გადასახადების აკრეფა ამ სექტორში უჩვეულოდ დაბალია და ვთხოვთ ფინანსურ პოლიციას ჩაატაროს გამოძიება. ჩვენი აზრით, ეს ამ სახით იმუშავებს.
 
თუმცა, არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ფინანსური პოლიციის ზოგიერთი ოპერაცია არ მოდის კერძო საკუთრების უფლებების დაცვასთან შესაბამისობაში და ეს გვაშფოთებს.
 
ისევ და ისევ ვუბრუნდებით საკუთრების უფლებას…
 
თქვენ უნდა შექმნათ ისეთი გარემო, როდესაც ინვესტორი ჩამოვა, განახორციელებს ინვესტიციას და ეცოდინება, რომ მისი ინვესტიცია დაცულია თვითნებური ქმედებისგან. მაგალითად, თუ მთავრობა დააწესებს გადასახადს და იტყვის, რომ თქვენი საგადასახადო ვალდებულება შეადგენს X ლარს, ხოლო ინვესტორი იტყვის: არა, უფრო ნაკლებს, როგორ მოაგვარებთ ამ დავას?  ბუნებრივია, ამისთვის თქვენ გჭირდებათ დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანო. ეს არის რასაც ჩვენ ვგულისხმობთ საკუთრების უფლებების დაცვაში; კანონი გასაგები უნდა იყოს, სასამართლო სისტემა კი ეფექტურად უნდა  მუშაობდეს; სწორედ ასეთი ატმოსფეროს შექმნა გვინდა. ეს არ არის ადვილი.
 
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს მოიწივიოს, როგორც მან თქვა, ”ევროპელი მოსამართლეები” დავების პროფესიონალურად განხილვის მიზნით.
 
რაიმე კონკრეტული ოფიციალური მოსაზრება ამის თაობაზე არ გვაქვს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო იდეაა და მისი შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენ ვამბობთ, რომ საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია. თქვენ მეტი უნდა იფიქროთ ადმინისტრირების სისტემაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს საგადასახადო დავები.


რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე შექმნას ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა?
 
თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის სპეციალური საგასახადო რეჟიმი. მისი [თავისუფალი ეკონომიკური ზონის] ისტორია სხვადასხვაგვარია. ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ ის [თავისუფალი ეკონომიკური ზონა] საზიანო გავლენას ახდენს საგადასახადო სისტემაზე; სხვებმა აღმოაჩინეს, რომ ის ძალიან წარმატებულია დასაქმების ხელშეწყობისთვის. მათი მართვა შესაძლოა რთული იყოს; ის გარკვეულწილად სარისკოა; თუმცა კარგი მენეჯმენტის პირობებში, ის შესაძლოა სასარგებლო იყოს.
 
როგორ ფიქრობთ, ის საქართველოს პირობებში იქნება უფრო სარისკო?
 
არა იმაზე მეტად ვიდე სხვა ქვეყნებში; მაგრამ მას სჭირდება კარგი საგადასახადო ადმინისტრაცია, კარგი საგადასახადო მენეჯმენტი.

Back to top button