
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საკუთრების უფლებას უზრუნველყოფს
პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტში საანგარიშო გამოსვლაში სავარაუდოდ,ახალი კანონპროექტის შემუშავების ინიციატივით გამოვა, რომელიც საკუთრების უფლების გარანტირებულ დაცვას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ დაწერილიც კი არ არის, მისი ძირითადი პრინციპი იქნება აქამდე პრივატიზებული საკუთრების ”ხელშეუხებლობა”, აცხადებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.
ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებები მედიით ინტენსიურად შუქდება. ეს თემა ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა.
ეს საკითხი ყურადღების ცენტრში დეკემბერში მოექცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ”იმედმა” გააშუქა თბილისის ცენტრში მდებარე რესტორნების ათობით მეპატრონის მიერ სახელმწიფოსთვის კუთვნილი შენობების ”ნებაყოფლობით”, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გადაცემის ფაქტები. გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისინი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებულნი ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ.
ტენდენციამ თავი იანვარშიც იჩინა, როდესაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ზოგ შემთხვევაში, ბულდოზერებიც გამოიყენა იმ კომერციული ფართების დასანგრევად, სადაც მაღაზიები იყო განთავსებული. ძირითადი მოტივი იყო, რომ ეს შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მთავარ ფიგურად მიიჩნევა მერიის ”უკანონო მშენებლობასთან” ბრძოლის კამპანიაში, 31 იანვარს განაცხადა, რომ დაინგრევა ყველა ის შენობა, რომელიც ”უკანონო და კორუფციული გარიგებების” გზით აშენდა.
საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ეს ”ნეგატიური ტენდენცია” ახალი არ არის, რადგანაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები 2004 წელს დაიწყო. ბევრი ასეთი შემთხვევა არა მხოლოდ თბილისში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც დაფიქსირდა.
სუბარის განცხადებით, როგორც წესი, თბილისის მერია სწრაფად ასრულებს ბრძანებულებებს ”უკანონო შენობების” დანგრევის თაობაზე, ისე რომ მესაკუთრეს დროც აღარ რჩება ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წინა საქმეებზე, რომლებშიც მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათი ქონება უკანონოდ იქნა ჩამორთმეული და დანგრეული ხელისუფლების მიერ.
ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი თავის ინიციატივას გაახმოვანებს და კანონპროექტი მალევე შევა პარლამენტში განსახილველად.
როგორც ჩანს, კანონპროექტის იდეის უკან ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მარტ ლაარი დგას.
რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის 1 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში მარტ ლაარმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩევლად გასული წლის მაისში დაინიშნა, განაცხადა, რომ მან ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.
მისი თქმით, საჭიროა საკუთრების დაცვის შესახებ საგანგებო კანონმდებლობის მიღება, რომლითაც ხალხს განემარტება პრივატიზაციის რომელი შემთხვევა შეიძლება გამოიძიოს ხელისუფლებამ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ სასურველია, რომ ასეთი შემთხვევა ცოტა იყოს.
ლაარის თქმით, ეს არის წარსულის ”ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობა”, როცა პრივატიზაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ის კანონის დარღვევასა და უსამართლობას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობს დიდი ცდუნება, რომ სხვადასხვა გზით მოინდომო სამართლიანობის აღდგენა. ”როცა ამას კანონიერი გზით ვერ ახერხებენ, სხვაგვარ მეთოდებსაც იყენებენ. სწორედ ეს მაღელვებს”, – განაცხადა ლაარმა.
”ახალი მემარჯვენეების” ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ 6 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორი- სამი კვირის მანძილზე კანონპროექტს წარადგენს პარლამენტში საკუთრების უფლების დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით.
”პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის იზიარებს შეხედულებას, რომ საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სააკაშვილი ნამდვილად შეწუხებულია საზოგადოების რეაქციით ამ საკითხზე, და მიმაჩნია, რომ მან გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ამ უკანონო ქმედებებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც დეკემბერში სტუმრობდა საქართველოს, მოუწოდა ხელისუფლებას ”დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც საკუთრების უფრო ძლიერ უფლებებს უკავშირდება”.