skip to content
ახალი ამბები

თურქეთის განცხადებით, რეგიონალური რკინიგზის მშენებლობა ივნისში დაიწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონალური სარკინიგზო პროექტის განხორციელება, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთთან დააკავშირებს, ივნისში დაიწყება, იტყობინებიან თურქული ინგლისურენოვანი გამოცემები Today’s Zaman და Turkish Daily News 31 იანვარს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიიპ ერდოგანი და პრეზიდენტი სააკაშვილი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე შეთანხმებას 7 თებერვალს თბილისში მოაწერენ ხელს.


ეს პროექტი ახალ იმპულსს შესძენს რეგიონალურ თანამშრომლობას, აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამჟამად, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია ანკარაში იმყოფება, სადაც თურქულ მხარესთან შეთანხმების ბოლო დეტალებს აზუსტებს.


აზერბაიჯანმა უკვე განაცხადა, რომ 200 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს საქართველოს რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დასაფინანსებლად. საქართველომ ვალი 25 წლის მანძილზე უნდა დაფაროს 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით.


პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე 29 კილომეტრი სიგრძის რკინიგზა დაიგება ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე, ხოლო უკვე არსებულ 192 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button