skip to content
ახალი ამბები

აფხაზურ მხარეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება სურს

აფხაზური მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა ამ უკანასკნელმა მიიწვიოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აპრილში დაგეგმილ იმ სხდომაზე, რომელზეც აფხაზეთის საკითხის განხილვა იგეგმება, იუწყება “აფსნიპრესი“ თვითგამოცხადებული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.


“უშიშროების საბჭოს წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მოუსმინონ აფხაზურ მხარეს და უფრო ობიექტური სურათი მიიღონ კონფლიქტის დარეგულირების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.


24 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების შესახებ კონსულტაციებს გამართავს.  


“აფხაზეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციისათვის ყველა შესაძლო მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს ხელისუფლება ამახინჯებს ფაქტებს და ზრუნავს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეექმნას რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემისადმი ცალმხრივი მიდგომა არ უწყობს ხელს კომპრომისის მოძებნას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.


სოხუმის მცდელობებს საკუთარი პოზიცია გაეროში გაახმოვანოს მოსკოვი უჭერს მხარს.  


რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც იანვარში გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს, შეეცდება აფხაზეთის დე ფაქტო ოფიციალური პირების გაეროს შტაბბინაში მიწვევას მიაღწიოს აპრილში დაგეგმილი განხილვების დროს.


2006 წლის ოქტომბერში რუსეთს სურდა არაოფიციალური შეხვედრის ორგანიზება გაეროს უშიშროების საბჭოსა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შორის. თუმცა, ამ უკანასკნელმა ნიუ-იორკში ჩასვლა ვერ შეძლო, რადგანაც ამერიკის შეერთებილმა შტატებმა მას ვიზა არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს განცხადებით უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ გადაწყვეტილებამ ხელი შეუშალა უშიშროების საბჭოს შექმნოდა “დაბალანსებული შთაბეჭდილება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების თაობაზე”.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button