skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი ნატოსთან მოლაპარაკებებზე საუბრობს

ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ვიდრე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე,  განაცხადა 15 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტერგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში.


ბარამიძე ბრიუსელში 14–15 დეკემბერს ნატოს შტაბბინაში ინტენსიური დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 


“მეტი ყურადღება პოლიტიკურ საკითხებს ეთმობა [ამ მოლაპარაკებების დროს], რადგანაც საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმები უფრო მარტივად ხორციელდება, რადგანაც ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშურებთ, არც ფინანსურს ან ადამიანურ რესურსებს, რომ განვავითაროთ ეს სექტორი“, – განაცხადა ბარამიძემ.


“დიდი ყურადღება ეთმობა რუსულ–ქართულ ურთიერთობებს და პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს [რუსეთის ფაქტორი] არის მთავარი დაბრკოლება ჩვენს გზაზე ნატოში, რადგანაც დასავლეთი დიდ ყურადღებას აქცევს თავის ურთიერთობებს რუსეთთან. და ჩვენც მოგვიწოდებენ, რომ უკიდურესად ფრთხილად ვიყოთ ჩვენს მოქმედებებში“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.


მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფარგლებში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ცალკე ნაწილია.


“და მესამე საკითხი უკავშირდება კანონის უზენაესობას საქართველოში – ეს საკითხი უკვე ჩვენი მთავრობის საქმიანობის ყურადღების ცენტრშია – მათ შორის რეფორმები პენიტენციალურ სისტემაში, სასამართლო რეფორმა, საზღვრის უსაფრთხოების საკითხები; ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენი საშინაო დავალების ნაწილია“, – განაცხადა ბარამიძემ.


მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს შემფასებელი მისია საქართველოს 19–23 იანვარს ეწვევა და მაისის დასაწყისში გაიმართება ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს და საქართველოს ერთობლივი სხდომა, სადაც ამ შემფასებელი მისიის დასკვნები იქნება განხილული.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button