skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება: შეტაკება მაღალი დონის შეხვედრის წინააღმდეგ იყო მიმართული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჯავის რაიონში მომხდარი შეტაკება “დეზინფორმაცია“ და “პროვოკაციაა, რომელიც  მიმართულია ქართული მხარის  მორიგი სამშვიდობო ინიციატივის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით“.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არ აპირებს დიალოგი აწარმოოს ქართულ მხარესთან – “ტერორისტულ სახელმწიფოსთან”.


დეტალები ჯავის რაიონში მომხდარი შეტაკების თაობაზე კვლავ გაურკვეველი რჩება.


31 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია ოსი სამართალდამცავების მიერ ქართული დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით, განაცხადა, რომ 4–ვე მოკლული ჩეჩნური წარმოშობის იყო.


მოგვიანებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოთხი ადამიანია მოკლული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვინ იყვნენ ისინი. განცხადებაში ნათქვამია: “დივერსანტთა ჯგუფს აღმოაჩნდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მაყუჩიანი პისტოლეტები, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი რაიონის რუქები… ვაჰაბისტური ლიტერატურა და რუსული სამხედრო ფორმები სამშვიდობო ძალების სიმბოლოებით“.


“ამჟამად მიიღება ზომები ამ ხალხის ვინაობის დასადგენად. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ჯგუფმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ონის რაიონიდან შემოაღწია“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.


შეტაკება ცხინვალის რეგიონის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების და ეუთოს დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონას სცილდება. ამ ფაქტიდან გამომდინარე თბილისმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მონიტორინგის ზონის მთელს რეგიონზე გაფართოება.


 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button