skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა “ფულის გათეთრების ქართული რგოლი“ გამოავლინა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა ფულის გათეთრების ქსელი, რომელშიც ჩართულები არიან ქართველი კრიმინალები, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.


ოპერაცია რუსეთის შსს–ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფართო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა. გამოძიებით გაირკვა, რომ 2004–დან 2005 წლის იანვრამდე პერიოდში 8 მილიარდი აშშ–ს დოლარი გათეთრდა.


“ერთ–ერთ დამნაშავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად “ჯუბა“. მისი დაქვემდებარებული ჯგუფი ეწეოდა უკანონო საბანკო ოპერაციებს, რომელიც ათეთრებდა, ანაღდებდა და გაჰქონდა სავალუტო სახსრები საზღვარგარეთ (საქართველო, ლატვია, აშშ და ა.შ)… ამ ჯგუფს ეთნიკური და კრიმინალური კავშირი ჰქონდა  საქართველოს დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებთან“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ რუსეთის შსს–ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზზე დაყრდნობით.


“ეს არხი აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვებისთვის… ამ კრიმინალურ ავტორიტეტს [“ჯუბას“] ახლო კავშირი აქვს ქართველებთან, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთში… ცნობილია მოსკოვის ერთ–ერთ კაზინოში წარმოთქმული მისი ფრაზა, რომ მისი ფული მიდის “პატარა ძლევამოსილ ომში“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.


რუსეთის შსს–ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, “ჯუბა“, რომლის ზუსტი ვინაობაც არ სახელდება, 8 ოქტომბერს საფრანგეთში გაიქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button