skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ კონფრონტაცია არ გვჭირდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოსკოვში ჩავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რათა შეეცადოს განმუხტოს ორ ქვეყანას შორის არსებული კონფრონტაციული ფონი.
 
საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში 21 ივლისს გაემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, გაიმართება მისი შეხვედრა პუტინთან, დსთ-ს ლიდერთა არაოფიციალური სამიტის ფარგლებში.
 
ამ შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 18 ივლისს დადგენილებს მიღება, რომელიც ავალებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები. 
 
“საბოლო გადაწყვეტილება [სამშვიდობოებთან დაკავშირებით] ჩვენზეა – აღმასრულებელ ხელისუფლებაზე; ასე რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტმა მიიღო დადგენილება და ახლა ამას არეულობა მოყვება, ეს ასე არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ კონფრონტაცია და კონფლიქტის ზონებში საომარი მოქმედებების გაჩაღება არ შედის საქართველოს ინტერესებში, რომლის ეკონომიკაც “სწრაფად იზრდება“.
 
მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან ”სავსეა პრობლემებით”, მაგრამ თბილისი მზად არის დიალოგისთვის. 
 
“ჩვენი მთავარი მიზანი, პარლამენტის დადგენილების ფონზე და არსებული დაძაბულობის ფონზე, არის ნებისმიერი კონფრონტაციის თავიდან აცილება. ჩვენი მიზანი არ არის რაიმე საბაბის ძებნა კონფრონტაციის გასაჩაღებლად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button