skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ნოღაიდელთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 17 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი არ გამართავს მოლაპარაკებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან იმ მოტივით, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი “თანასწორი რანგის ოფიციალური პირები” არ არიან.


“ვფიქრობ, რომ ქართულ-ოსური მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ თანასწორი რანგის მქონე ოფიციალურ პირებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მე კი არ უნდა შემხვდეს, არამედ სამხრეთ ოსეთის პრემიერს იური მოროზოვს. ერთხელ ჩვენ უკვე წავედით კომპრომისზე და მე შევხვდი საქართველოს [გარდაცვლილ] პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას [გასული წლის ნოემბერში], რათა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ [სამხრეთ ოსეთის მხარე]  მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) წინა შეხვედრების დროს მხარეები კოკოითსა და ნოღაიდელს შორის შეხვედრის გამართვაზე  შეთანხმდნენ, თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულებულა.


ქართულმა მხარემ არა მარტო უარყო რუსეთის მოულოდნელი ინიციატივა საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების შეხვედრის თაობაზე, არამედ მკაცრად დაგმო იგი 15-16 ნოემბერს ლუბლიანაში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე.


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თვითგამოცხადებული რეგიონის პრემიერს შორის შესაძლოა გაიმართოს ან რუსეთში, “ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, საქართველოს გარდა“.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ცხინვალი მხარს უჭერს შსკ-ს არსებულ ფორმატს, რომლის შეცვლაც თბილისს  აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვის გზით სურს.  
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button