ახალი ამბები

თბილისს რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ეწვია

ცხინვალის რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გამო თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი ჩამოვიდა, რომელიც ამავდროულად ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეა რუსეთის მხრიდან.


კენიაკინი ქართულ და ოსურ მხარეებთან განიხილავს ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს, რამაც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია.


იგი შეხვედრას გამართავს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შსკ–ს ქართველ თანათავმჯდომარესთან გიორგი ხაინდრავასთან, სადაც ასევე განიხილება შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევის საკითხი.


20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ცხინვალი წყვეტს შსკ–ს ფარგლებში მუშაობას, ვიდრე “თბილისი ცხინვალის დაბომბვის გამო ბოდიშს არ მოიხდის”.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით შსკ–ს ფორმატში მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ კენიაკინი ცხინვალსაც ეწვევა.

Back to top button