
თბილისი კოკოითი–მამსუროვის ერთობლივი განცხადების გამო მოსკოვს საპროტესტო ნოტას უგზავნის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა ნოტა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ჩრდილოეთ ოსეთის–ალანიის რესპუბლიკასა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების გამო, რამაც “შესაძლოა უკიდურესად გაამწვავოს სიტუაცია კონფლიქტის ზონაში და დაძაბულობა გამოიწვიოს მთლიანად საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში“.
18 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის რესპუბლიკის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა “ერთიანი ოსეთის შენარჩუნების მისწრაფებით“, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას “ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობის სამართლებრივი ბაზის ზრდის განზრახვის შესახებ“.
“იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე სრულად პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის რესპუბლიკის მეთაურის ქმედება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა, როგორც რუსეთის მხარის არამეგობრული და რეგიონში სეპარატიზმის ხელშემწყობი ნაბიჯი“, – ნათქვამია 21 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.