
ცხინვალში “დამოუკიდებლობის“ აღსანიშნავად აღლუმი იმართება
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის” 15 წლის იუბილის აღსანიშნავად ცხინვალში 20 სექტემბერს სამხედრო აღლუმი იმართება.
“სამხედრო აღლუმი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 15 წლის იუბილის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებაა. რესპუბლიკა დემონსტრირებას უკეთებს თავის მზადყოფნას მოიგერიოს ნებისმიერი აგრესია… ქართველი ხალხის მიერ ოსების გენოციდმა ასწავლა ოსებს ყოველთვის მზადყოფნაში იყვნენ“,– ნათქვამია სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცხინვალს ასევე სტუმრობენ დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის დელეგაციები, ასევე რუს პარლამენტართა ჯგუფი და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი.
ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ პროტესტი გამოთქვა ცხინვალში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანის გამო.
19 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ ცხინვალში დამატებითი ჯარების შეყვანით, ოსურმა მხარემ დაარღვია კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება.