
ხაინდრავა ცხინვალში სამხედრო ტექნიკის შეყვანას აპროტესტებს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა პროტესტს გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალში მძიმე სამხედრო ტექნიკის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეყვანის გამო და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფ შერეულ სამშვიდობო ძალებს მოუწოდებს შეასრულონ მანდატით დაკისრებული მოვალეობები.
განცხადებაში მითითებული არ არის თუ კონკრეტულად რა სახის სამხედრო ტექნიკაზე და შეიარაღებულ ფორმირებაზეა საუბარი.
სახელმწიფო მინისტრი მოუწოდებს სამშვიდობოებს “უზრუნველყონ უკანონო ფორმირებების განიარაღება და სამხედრო ტექნიკის გაყვანა“.
19 სექტემბერს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე გაგზავნილ მიმართვაში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ოსური მხარე უხეშად არღვევს არსებულ შეთანხმებებს და იგნორირებას უკეთებს რუსეთის, როგორც მხარეებს შორის აღებული ვალდებულებების შესრულების გარანტის, როლს.
“ეს ქმედება მიმართულია რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებების, მათ შორის 1992 წელს სოჭის შეთანხმების [რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მისიის განლაგებას]ჩაშლისკენ “, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს ქართული მხარე 21-22 სექტემბერს ვლადიკავკაზში დაგეგმილ შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე დააყენებს.