ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, პარლამენტისა და მთავრობის კოორდინირებულად მუშაობის პირობებში, აუცილებელია პარლამენტის ავტორიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტი ახალ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 


“ჩვენ აქამდე ფოსმაჟორულ ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. ახლა კი თითოეული კანონპროექტის დეტალურად შესწავლა და შემდგომ დამტკიცება მოხდება. პარლამენტის მთავარი დანიშნულებაა თვალი ადევნოს, თუ როგორ ხდება კანონის განხორციელება“, –  განაცხადა 13 სექტემბერს  ნინო ბურჯანაძემ.


დღევანდელ გამოსვლაში ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ იგი პრინციპულად არის დაინტერესებული ქვეყანაში ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობით.   


“ეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი გახლავთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპოზიცია ძლიერი და კონსტრუქციული იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია საკანონმდებლო ორგანომ შეძლოს სრულყოფილი და  გამჭირვალე დებატების გამართვა საბიუჯეტო საკითხებზე. “[ბიუჯეტი] არის ის მთავარი ბერკეტი, რომლითაც პარლამენტი ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის განვითარებისათვის“, – დასძინა მან.  
 
მასმედიის თავისუფლებაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მედიაზე ყველანიარი ზეწოლის მცდელობა აღმოიფხვრას, თუმცა აქვე დასძინა, რომ თავის მხრივ მედიის წარმომადგენლებმა ობიექტურობა და კორექტულობა უნდა დაიცვან.


პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმისა და თვითმმართველობის რეფორმის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. “დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე ქვეყანა ვერასოდეს ვერ დადგება ფეხზე“, – განაცხადა მან. 


ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში ასევე აქცენტები გააკეთა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებაზე და საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლური მიმართულების მნიშვნელობაზე.


“ევროკავშირში და ნატოში წევრობა ან თუნდაც მიახლოება ამ სტრუქტურებთან თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას, მათი უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს“, – განაცხდა ბურჯანაძემ.

Back to top button