
თურქული კომპანია ქართულ მხარეს თბილისის აეროპორტის კონტრაქტზე ედავება
![]() |
თურქული კომპანიები თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის პაექრობენ. |
თურქულმა კომპანია “Celebi Group”-მა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მაისში თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამერიკულ კომპანია “A&J”-ს და ლუქსემბურგში განთავსებულ “Gestion en Technique Spéciale” (GTS)-თან ერთად გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით სამი კომპანიისგან შექმნილ კონსორციუმს ორი – ამერიკული და ლუქსემბურგში არსებული კომპანია ფინანსური გარანტიების წარმოუდგელობის გამო გამოეთიშა. “Celebi Group”–ი მზად იყო რეკონსტრუქცია განეხორციელებინა და პროექტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან დაიწყო.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ “Çelebi Group”-მა ფინანსური გარანტიების შესახებ დოკუმენტი მიცემულ ვადაში, 2 სექტემბრამდე ვერ წარმოადგინა და ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ორ სხვა თურქულ კომპანიასთან დაიწყო. “TAV“–მა და “ურბანმა“ სურვილი გამოთქვეს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია ერთობლივად განახორციელონ. შედეგად, 6 სექტემბერს ხელი მოეწერა კონტრაქტს ახალ კონსორციუმთან.
თუმცა, 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში “Çelebi Group”–ი აცხადებს: “ჩვენს მიერ [ქართულ მხარესთან] ხელმოწერილი კონტრაქტი კვლავ ძალაშია. არ არსებობს რაიმე ოფიციალური წერილი კონტრაქტის მხარის – თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობისგან – “Çelebi Group”-თან დადებული კონტრაქტის ანულირების თაობაზე. ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ჩვენ შევასრულეთ კონტრაქტის დღემდე არსებული ყველა ვალდებულება. ჩვენ საერთაშორისო იურიდიულ მექანიზმებს მივმართავთ ჩვენი უფლებების დასაცავად“.
“Çelebi Group”–ი ასევე უარყოფს, რომ კომპანიას უნდა წარედგინა რაიმე ფინანსური გარანტია, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს.
“2005 წლის 1 ივლისს ხელმოწერილი კონტრაქტში არ არსებობს რაიმე დებულება ფინანსური გარანტიებზე რაიმე დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, ასევე არაა მოცემული რაიმე ვადა ამ გარანტიის წარსადგენად“, – ნათქვამია “Çelebi Group”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქულმა კომპანიამ ქართული მხარე საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაშიც დაადანაშაულა.
“საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა განუცხადა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებთანაც “Çelebi Group”–ი პროექტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა, რომ “Çelebi Group”-ის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი უმოქმედო და ძალადაკარგული იყო. ამას შედეგად მოყვა შეფერხებები და ცალკეულ შემთხვევებში მოლაპარაკებების სრული შეწყვეტა. ამ არასასურველი შედეგების მიუხედავად, მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ამერიკის ფინანსურ ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე“,– ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კომენტარი ამ ბრალდებებზე ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელმა ნიკა მანჯგალაძემ კონტრაქტს “TAV”-თან და “ურბანთან“ 6 სექტემბერს მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, აეროპორტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება.
თურქული კონსორციუმი თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტის ასაშენებლად 62 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შეთანხმების საფუძველზე თურქულ კონსორციუმს აეროპორტი მართვის უფლებით 15 წლით გადაეცემა. ამ ხნის მანძილზე თბილისის აეროპორტში დამატებით 18 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, თურქული კომპანიები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გაიღონ.
“TAV”-მა და “ურბანმა“ საქართველოს მთავრობის მიერ მაისში გამოცხადებულ ტენდერშიც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა ამ ტენდერში “Celebi Group“-მა “A&J“-ს და GTS-თან ერთად გაიმარჯვა.
ქართული მხარის ვარაუდით, რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს 330/340 ტიპის თვითმფრინავებს და საათში 2000 მგზავრს.