
ხაინდრავას აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას აპარატი განცხადებით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს დახმარებისთვის აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით და “საერთაშორისო ჩარევის“ საჭიროებაზე მიუთითებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გალის რაიონში მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა, “რეგულარულად ხდება დაყაჩაღება, ადამიანების გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით და ა.შ“.
9 ივლისს ოთხ ავტობუსს, რომელსაც გალის ადგილობრივი მოსახლეობა გადაჰყავდა, თავს დაესხნენ დაუდეგენლი პირები.
“აფხაზური მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე, შეძლებდა გალის რაიონში ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ რეაგირება“, ნათქვმია განცხადებაში.
თბილისმა არაერთხელ მოითხოვა გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის განხსნა, თუმცა 15 ივნისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი საჭიროდ არ თვლის აღნიშნული ოფისის გახსნას, რადგან დე ფაქტო “ხელისუფლება დამოუკიდებლად იღებს ზომებს გალის მოსახლეობის უფლებების დასაცავად“.