ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დეპუტატად იყრის კენჭს

ტელეკომპანია “იმედის“ მიერ 7 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს.


“ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, მზად ვარ კენჭი ვიყარო“, განუცხადა ინაიშვილმა ტელეკომპანია “იმედს“. 2004 წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევამდე, ინაიშვილი ფოთის პორტის უფროსი იყო.


საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები, მათ შორის ბათუმშიც, შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. პირი, რომელიც გაიმარჯვებს ბათუმის მაჟორიტარულ არჩევნებში ვიცე-სპიკერის პოსტსაც დაიკავებს, რადგანაც კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი უნდა იყოს.          

Back to top button