
მოჭიდავეთა ინციდენტი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
![]() |
პოლიციის სპეცრაზმი 1 ივლისს რუსთაველის გამზირზე პირველად გამოჩნდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. |
ჩხუბი სასამართლოს დარბაზში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია და მოგვიანებით მუშტი-კრივი პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის მთავარი პოლიტიკური თემა გახდა, რამაც გარკვეულწილად დაჩრდილა ცოტა ხნის წინ გამართული მწვავე პოლიტიკური დებატები თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესის თაობაზე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 30 ივნისს საღამოს დაიწყო, მას შემდეგ რაც დაახლოებით 30–40 ადამიანი, ძირითადად სპორტსმენები შეიკრიბნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის ალეკო დავითაშვილის და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი რევაზიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.
აქციის მონაწილენი სასამართლოს გადაწყვეტილებამ განარისხა, რომელმაც ორ სპორტსმენს 30 ივნისს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში აურზაური მოჰყვა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “მხედრიონის [გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში მოქმედებდა] დრო გავიდა“. მან კომენტარი გააკეთა ორი ქართველი მოჭიდავის დაკავების ფაქტზე, რომელთაც ბერძენი მოქალაქისთვის 8,000 აშშ დოლარის გამოძალვა ედებათ ბრალად. ამ ბრალდებას ორივე მოჭიდავე უარყოფს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, რომელიც დაკავებულთა მეგობრებმა აღიქვეს როგორც შედარება “მხედრიონსა“ და დაკავებულებს შორის, დავითაშვილის და რევაზიშვილის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტეს. აქცია საპატრულო პოლიციამ და სპეცრაზმმა დაშალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ იქნა ათობით მოქალაქე, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაში მონაწილეობას არ იღებდნენ.
დარბევიდან ცოტა ხანში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მათ შორის “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის, ლებორისტ შალვა ნათელაშვილის, კონსერვატორ კობა დავითაშვილის, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა გამოჩენა მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას “არადემოკრატიულ“ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.
ოპოზიციის ლიდერების გამოჩენის შემდეგ იმატა ხალხის რაოდენობაც, რასაც მოჰყვა რუსთაველის გამზირზე ასობით სპეცდანიშნულების რაზმელის გამოჩენაც. რუსთაველის გამზირზე დაძაბულობამ კლება დაახლოებით 1 ივლისის ღამის 2 საათისთვის დაიწყო. ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები.
დებატები 1 ივლისს პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდა, სადაც ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვა. თუმცა, სულ მალე ეს დებატები მუშტი-კრივში გადაიზარდ მას შემდეგ, რაც დეპუტატმა გივი თარგამაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ კობა დავითაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბში ათობით პარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა.
ინციდენტის შემდეგ ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა სხდომა დატოვეს და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც მოუწოდეს მოსახლეობას შეიკრიბონ ვერის პარკში 1 ივლისის საღამოს და პროტესტი გამოთქვან “ხელისუფლების ძალადობის“ წინააღმდეგ.
“ჩვენ ყველა არაძალადობრივი ფორმა უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ“, განაცხადა 1 ივლისს “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
“რესპუბლიკელების“ ერთ–ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მას შემდეგ მივიდა რუსთაველის გამზირზე, რაც სპეცრაზმმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენა იმ ხალხის წინააღმდეგაც კი, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მოჭიდავეთა ახლობლების მიერ გამართულ აქციასთან და უბრალოდ გამვლელები იყვნენ.
თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა, მათ შორის “საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ფონდის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გია ნოდიამ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა და “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა მხარი დაუჭირეს ხელისუფლების ქმედებას საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. 1 ივლისს გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, მათ განაცხადეს, რომ პოლიციის ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ აღკვეთეს აურზაური სასამართლოს დარბაზში 30 ივნისს.
თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაგმო პოლიციის ქმედება, როგორც “ძალის გადაჭარბებული გამოყენება“ და სამართალდამცავებს აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება მოსთხოვა.