
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპაში ქართველების დაკავებას ანტიქართულ კამპანიად არ აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ დღეს გამართულ ბრიფიგზე 17 ივნისს ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებულ 30–ოდე ადამიანს შორის ორი საქართველოს მოქალაქის ყოფნა, “რომელთაც საქართველოს პასპორტები აქვთ“, ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ ეს არ არის ქართველების ან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია.
მინისტრის მოადგილემ ასევე დაადასტურა დაკავებულთა შორის ორი ქართველი არასრულწლოვანის არსებობაც, თუმცა მათი გვარების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
“დაახლოებით ორ საათში ბავშვებს გაათავისუფლებენ“, განაცხადა კახა სიხარულიძემ.
ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ორი არასრულწლოვანიდან ერთ–ერთი ცნობილი ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილია.
სიხარულიძის განცხადებით, “ამ დრიოსთვის ძნელია იმის თქმა, საქართველოს [დაკავებული] მოქალაქეები ლეგალურად იმყოფებოდნენ ესპანეთში თუ არალეგალურად“, მაგრამ ფაქტია, რომ “ევროპაში ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ არალეგალური მიგრაციის პრობლემით და განხორციელებული ოპერაციები ამ პრობლემის გადაწყვეტას უკავშირდება“.
17 ივნისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ავსტრიაში 41 ქართველის დაკავების თაობაზე. ავსტრიულ გაზეთ Die Presse–ის ცნობით, დაპატიმრებულ ქართველებს ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ ბრალი.