
ბურჯანაძე: ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე პარლამენტში საჯარო მოსმენა არ გაიმართება
დღეს პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის სამთავრობო საათზე დაბარების თაობაზე. ოპოზიცია გამოძიების ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებზე ძალოვანი ორგანოების პირველი პირებისაგან საჯარო პასუხს უკვე მესამე კვირაა, რაც უშედეგოდ ითხოვს.
“არანაირი საჯარო მოსმენა არ გაიმართება პარლამენტში გამოძიების დასრულებამდე, ეს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 13 ივნისს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გენერალური პროკურორი მზადაა, რომ დეპუტატების წერილობით შეკითხვებს ასევე წერილობით ფორმით გასცეს პასუხი.
საპარლამენტო ოპოზიციამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მას შემდეგ მოითხოვა ძალოვანებისაგან ახსნა–განმარტებები, რაც გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ოჯახის წევრებმა ჟვანიას მკვლელობის შესახებ გააკეთეს განცხადებები. ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები ოპოზიციის ამ “არაეთიკურ“ მოთხოვნას “სპეკულაციად“ აფასებენ.