ახალი ამბები

ხაინდრავა: შსკ თამარაშენის ინციდენტზე გამოძიების პირველად შეფასებებს მოისმენს

დღეს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც 29 მაისს სოფელ თამარაშენთან მომხდარი ინციდენტი განიხილებოდა, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ , “ქართული და ოსური მხარეები დაინტერესებულები არიან მომხდარი ინციდენტის დეტალების გარკვევით“.


მისი თქმით, უკვე შექმნილია ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 31 მაისს შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე პირველად შეფასებებს გააკეთებს.


“ყველას სურს გაიგოს სინამდვილეში რა მოხდა… ასეთი ინციდენტები აფერხებს სამშვიდობო პროცესს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გოგა ხაინდრავამ.


29 მაისს თამარაშენთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად ოთხი ოსი სამხედრო და ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა.


გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, შსკ-ს სხდომა 31 მაისს გაგრძელდება, სადაც მხარეები სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მიმდინარეობას განიხილავენ.   


 

Back to top button